მოხალისე სტივენი ჟურნალისტებს უმეგობრდება
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ გაზეთ ,,ზუგდიდის" ახალგაზრდა ჟურნალისტმა ვიკა აბრალავამ გაზეთისთვის ინტერვიუ ჩაწერა ზუგდიდში ჩამოსულ მოხალისე პედაგოგთან სტივენ კილასთან. სტივენი საკმაოდ გახსნილი, თბილი და თავისუფალი პიროვნება აღმოჩნდა. იმდენად, რომ ვიკამ გადაწყვიტა თარჯიმნის გარეშე, ,,მისი ინგლისურით" ესაუბრა მასთან. რაღა ბევრი გავაგრძელო-ჟურნალისტ-რესპონდენტი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჟურნალისტს სწრაფ მეტყველებაში პრაქტიკა სჭირდებოდა ენის სრულყოფისთვის. თუ ასეა, ჩვენი გაზეთის სხვა ჟურნალისტებსაც სჭირდება დახმარება და ამოდი ჩვენთან რედაქციაშიო, შეუთავაზებია ვიკას. სტივენს უყოყმანოდ მიუღია შეთავაზება და დღეიდან, კვირაში ორჯერ, სტივენი ჩვენთან თითო საათით ამოვა და ინგლისურის მეტყველებას დაგვიხვეწს... არა მხოლოდ მეტყველებას... ჩვენს ლექსიკურ მარაგსაც მიხედავს, ენობრივ ნორმებშიც გაგვარკვევს... და ამას ყველაფერს ისეთი სიამოვნებით თუ გააკეთებს როგორც დღეს, ერთ წელიწადში ჩვენ-გაზეთ ,,ზუგდიდის" ჟურნალისტები თავისუფლად ვისაუბრებთ ინგლისურად- და არც სტივენი გაგვექცევა უძველესი ქართული ენის შესწავლის გარეშე... დღეს გვესაუბრა მის ოჯახზე,-იურისტ მამაზე, ექთან დედაზე, ულამაზეს ორ დაზე, უშავეს და უსაყვარლეს კატაზე, დაგვიხატა დიდი ბრიტანეთის კონტურები და იქ მისი პატარა ქალაქი მოგვინიშნა-ინტერნეტით დაათვალიერეთო, ზუგდიდზე პატარა და ლამაზიაო. რაზეც დღეს, როგორც სტუმარს არ შევკამათებივართ, მაგრამ მომავალ გაკვეთილზე... სილამაზეზე ჩვენ სხვა პრეტენზიები გვაქვს. ციხე-სიმაგრეები დაგვიხატა-ეტყობა, მისი ქალაქი უძველესი ქალაქია. უკვე უსწავლია რამდენიმე ქრთული სიტყვაც. ბეჯითად სწავლობს ქართულ ანბანს. თავიდან ინგლისურ-ქართული ლექსიკონით უნდოდა ჩვენთან ესაუბრა, მაგრამ რომ გავთამამდით და „ჩვენებური ინგლისური“ გავუტიეთ, ლექსიკონი განზე გადადო კი არადა, წასვლის წინ ძლივს ვუპოვეთ ქაღალდებში. ერთი ორთოგრაფიული შეცდომაც აღმოვუჩინეთ და სიხარულისგან ლამის ჭერი ჩამოვიღეთ. -არა უშავს-,,ლუდი, ლუდი"-ო სიცილით გვითხრა. გასაგებია ხომ? სანამ ჩვენთან ამოვიდოდა, ლუდის ბარში შეუვლია. ხო... წუხს, რომ ზუგდიდში ღამის კლუბები არ არის, მაგრამ შევპირდით-სანამ წახვალ, რამეს მოახერხებენ ზუგდიდელი მეწარმეებიო. სტივენს მოსწონს პირველი საჯარო სკოლა, სადაც ასწავლის-კარგი ბავშვები და კარგი მასწავლებლები არიანო. ეტყობა, ძალიან მოსწონს ჯონი ჟვანიას ოჯახი, სადაც ცხოვრობს... მოეწონა მის გვერდით მჯდომი ჟურნალისტი გოგონაც-ნანა ნანავა, კამერონ დიასს გავსო... და კიდევ... ეტყობა, მოსწონს რომელიღაც ზუგდიდელი გოგონა, იმიტომ რომ გვითხრა ზუგდიდში ძალიან ლამაზი გოგონები არიანო და ორივე ხელისგული ლოყებზე აიფარა-ვწითლდებიო. აი, ჩვენ კი, მისი სიწითლის მიზეზი მომავალ კვირას, სამი ახალბედა ჟურნალისტის საგაზეთო დებიუტისადმი მიძღვნილ „ქეიქფაათიზე"-ასე შევარქვით დაგეგმილ „ტორტისჭამას",-მოვიწვიეთ. ასეთი იყო ჩვენი პირველი დღე მოხალისე სტივენთან-ერთ ცისფერთვალა, საკმაოდ სიმპათიურ, 22 წლის ბრიტანელ მასწავლებელთან, რომელთანაც ამავე დროს ბევრი ვიდავეთ-„ლონდონ“ უნდა წარმოგვეთქვა თუ „ლანდნ“ და ბოლოს დავითანხმეთ, როგორც გინდათ ისე თქვითო. თვითონ არც ო-ს ამბობს და არც ა-ს, რაღაც შუალედურს წარმოსთქვამს. დიახ... კიდევ ის იყო, რომ ბატონმა ლევან გაბეჩავამ, ცნობილმა ზუგდიდელმა ფოტოჟურნალისტმა დღევანდელი დღე საკმაოდ ძვირადღირებული პროფესიული კამერით დააფიქსირა. სტივენმა არც იუხერხულა-პირიქით, ესიამოვნა და მშვენივრად იპოზიორა, კამერას თვალი არ მოაცილა. მგონი ხშირად მომიწევს სტივენზე წერა... რაღაც პროექტი ამეკვიატა... სასიამოვნო ახალგაზრდაა... სულაც არ ითვლიდა წუთებს... ე.ი. ჩვენც მოვეწონეთ. დღეისთვის სულ ესაა.
Комментариев нет:
Отправить комментарий