,,ბულბულები" მოგვიმრავლდნენ? ანუ–ქურდს რა უნდაო? დუტ, ხალხი!
ქურდს რა უნდაო და-ბნელი ღამეო, არც წვიმიანია ურიგოო. ჰოდა, ამ ბოლო დღეებში ასე გახშირებულმა წვიმებმა ზუგდიდში ქურდბაცაცებს ხელი მოუმართა. კოკისპირული წვიმები და სახურავებზე ხმაური ქურდებს თავისუფლად ,,მუშაობის" შესაძლებლობას აძლევს. ბათუმის ქუჩაზე სწორედ წვიმიან ღამეს გაქურდეს ,,ბიჭებმა" /რა, ვი, ქალები როგორ იქნებოდნენ?/ მოქალაქე დადიანის ოჯახი. სკამები და სერვიზებიც გაიტანესო. ამ ქუჩის მოსახლეებმა სხვა წვიმიან ღამეებშიც შენიშნეს უდროოდ შეხსნილი ჭიშკრები და საეჭვოდ მიყენებული მანქანები.
სამარშრუტო ტაქსებში და ყვითელ ავტობუსებშიც მოიმატა ინფორმაციამ წვიმიანი ღამეების არასასიამვნო შედეგებზე. თუმცა, გუშინ, დღისით და მზისით, ააგლიჯა სუპერმარკეტის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალბატონს ვიღაცამ ოქროს ჯაჭვი. რატომღაც ეს ,,ვიღაც" არავის შეუმჩნევია, კი არადა, ვერავინ დაიმახსოვრა სახეზე. მაგრამ სუპერმარკეტის ტერიტორიაზე მოვაჭრე ქალბატონებმა მრავალმნიშვნელოვნად და თან სასხვათაშორისოდ თქვეს–პოლიციელებმა ძალიან კარგად იციან ამ ტერიტორიაზე ვინ ,,მუშაობსო", ,,ვინ, რას აკეთებსო"–ოო! ისიც კი მიყოლეს სჯა–ბაასს, აბა, რა გეგონათ, ხალხნო, ამდენი ამნისტია, მართლა ,,ბულბულებს" ათავისუფლებსო?!
ერთმა ყოფილმა საბჭოთა მილიციელმა კი ასეთი რამეც მიამბო–ერთხელ, მე და ჩემს მეგობარს ფული შემოგვაკლდაო. რა გვექნა, საიდან მოგვეტანა არ ვიცოდით და ასეთი რამ მოვიფიქრეთო–ჩვენს სათვალთვალო ტერიტორიაზე ,,მომუშავე" ,,ჯიბის ქურდს" დაველაპარაკეთ, სიტუაცია ავუხსენით, მერე იქვე მივდექით და თვალ–ყურს ვადევნებით, რა მოხერხებულად ამოაცალა ჩასუქებულ ,,ბიძას" ჩვენმა ბიჭმა საფულეო. მერე იმ ბიძასაც კარგა ხანი გულისყურითაც ვუსმინეთო... დღის ბოლოს კი, ჩვენი ,,დოლიაც" მივითვალეთო. მაშინ სიცილით ყვებოდა ამას ის საბჭოთა მილიციელი, რომელიც რევოლუციამ ქართულ პოლიციაში არ დაიტოვა და ახლა უცხო ქვეყანაშია საშოვარზე გასული, ესაოდა, საქართველოში კაცს არ დაედგომებაო. მაგრამ... სულო ცოდვილოოოოო... რა ვიცი, რა გითხრათ... მე მგონი, პოლიცია ისევ უნდა გააქტიურდეს. თუ ხალხმა რაღაც ,,ისეთი" ისევ და დაუმსახურებლად შეჰბედა ჩვენს პოლიციას?! დუტ, ხალხი!
Комментариев нет:
Отправить комментарий