დიდ შაბათს წმიდა ეკლესია იხსენებს მაცხოვრის საფლავად დადებას, ხორციელად საფლავში ყოფნას, ხოლო განღმრთობილი სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და მართალთა სულების გამოხსნას, და მამასა და სულიწმიდასთან განუშორებლად თანამყოფობას, ასევე გვაზიარებს საოცარ მოლოდინს უდიდესი მოვლენისა – მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომისა.
ამ დღეს საზეიმოდ ინათლებიან „ნათვლადგანმზადებულნი“, რომლებიც წმიდა ბასილი დიდის წირვაზე ეზიარებიან კიდეც.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დიდი შაბათის მსახურება გამშვენებულია ურთიერთსაპირისპირო სულიერ განცდათა საოცარი გამით: მწუხარებითა და სიხარულით, ცრემლითა და სულიერი აღმაფრენით, გულისტკივილითა და სულიერი გაცისკროვნებით.
მსახურებაზე მორწმუნენი მთელ გულისყურს შემდეგი ტროპარებისკენაც მიმართავენ: „შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა“.
„რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრება ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღუთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხოვრების მომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდება შენდა“.
დიდი შაბათის მსახურების დასრულების შემდეგ, თითქოს მთელი სამყარო გაირინდაო, უდიდესი დღის – მაცხოვრის აღდგომის მოლოდინში, მლოცველები მდუმარებით, მარხვითა და აღსარებით ემზადებიან ზეიმისათვის.
და ბოლოს, რათა აქაც და მარადიულ ცხოვრებაშიც თანაზიარნი გავხდეთ მაცხოვრის დიდებისა, სულის სარგო ჩვენთვის ერთი ტროპრის დასწავლაც იქნება:
„აჰა ესერა სიძე მოვალს შუაღამესა, და ნეტარ არს მონა იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ, ხოლო ვაი-არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით, იხილე სულო ჩემო, და ნუ გრულის ძილისათვის, რათა არა გამოვარდე სასუფეველისაგან, არამედ აღიმსთვე შუა-ღამესა და ხმობდი: წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, წმიდა-ხარ, შენ ღმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ“.
წყარო
http://orthodox-geo.com/2012/04/14/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98-2/
Комментариев нет:
Отправить комментарий