05.05.2012

ალასანია ზუგდიდში სოხუმის ქუჩაზე იცხოვრებს

,,ზუგდიდმა" ზუსტად არ იცის, ალასანიამ ზუგდიდში,  სოხუმის ქუჩა, რომელსაც იმავდროულად ხალხი ,,სოხუმის გზას" ეძახის, საცხოვრებლად სპეციალურად, სიმბოლურად შეარჩია თუ შემთხვევით,  მაგრამ ხალხში ამ ინფორმაციამ დადებითად რომ გაიჟღერა, ცხადია,-სოხუმში გაზრდილს სოხუმისკენ მიუწევს გულიო.  ალასანიას წინასაარჩევნოდ ზუგდიდში საცხოვრებლად გადმოსვლა ,,მისიანებს" ესიამოვნათ.  ხალხს ხომ ძალიან უნდა ლიდერი  სულ მის გვერდით იყოს, მას იცნობდეს, ესალმებოდეს, ხელს ართმევდეს, ესაუბრებოდეს, მის გასაჭირს იზიარებდეს... და მასაც უჭირდეს... მისნაირადაც რომ ცხოვრობდეს ისიც უნდა, მაგრამ... ალასანია მთლად მათნაირად რომ არ და ვერც იცხოვრებს, ესეც იცის და პატიობს. ამიტომ ბევრმა  არ დაიზარა და გუშინ, ენგურქაღალდკომბინატის კულტურის სასახლეში მივიდა პარტიის ლიდერთან შესახვედრად,-იქნებ ქალაქის მომავალ მაჟორიტარს, იქნებ პარლამენტის სპიკერს, ან იქნებ სულაც პრეზიდენტს, მაგრამ უპირველესად ,,მაინც ჩვენებურს, მეგრელს" მოვუსმინოო... გავიგო რა უნდა, მეც ვეტყვი რა მინდაო... ,,იქნებ ისევ მეგრელი გახდეს საქართველოს პრეზიდენტი" -ალაგ-ალაგ ასეთი განწყობაც შეიმჩნეოდა.
,,დადებულმა" /ალასანია/ ბომბმაც ვერ შეაშინა ისინი. ,,აისბერგი დაიძრაო" თქვა სავსე დარბაზზე პირველმა თავისუფალმა დემოკრატმა და მოეფერა ხალხს, შეჰპირდა-ამიერიდან, თქვენს შემშინებელს და შემავიწროებელს ოქტომბრამდე თუ მიაღწია ხო, მერე ნურც მოიკითხავთო. უფრო პუბლიცისტურად თუ ვიტყვით-ალასანია ბევრ იმ პრობლემას შეეხო შეხვედრაზე, რომელიც ქვეყანას და იქ დამსწრე საზოგადოებას აწუხებს.  ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელად, პატიმრობაში მყოფი თანაპარტიელი, ზუგდიდელი სერგო ჩაჩიბაია დაასახელა-მალე გამოვა და შტაბს როგორც საჭიროა ისე ჩაუდგება სათავეშიო.  გამოსვლის დასასრულს- დღეიდან თქვენს განკარგულებაში მიგულეთო-მიმართა დარბაზს, შემდეგ  ჟურნალისტებთანაც  იგულახდილა-დღეს ჩემი მეგრელობით ნამდვილად ამაყი ვარო და მშვიდად შეერია ხალხს-ნაცნობებს, უცნობებს, ახლობლებს, შორეულებს, მისიანებს, სხვისიანებს და ბრძოლა /?/ დაიწყო /?/ ჯერ საპარლამენტო არჩევნებისათვის... მერე?... მერე ერთი ლექსის ინტერპრეტირება გავაკეთოთ-მერემ თვითონ თქვას მერმისა... და იმ იმედით, რომ ზუგდიდში ხშირად შევხვდებით ალასანიას, დავამთავროთ გუშინდელი ამბავი... ისე, გასულ საპარლამენტო არჩევნებზე ზუგდიდში საცხოვრებლად კობა დავითაშვილი იყო ჩამოსული-ზუგდიდის მაჟორიტარობა უნდოდა. ვერ გახდა, ვერაფერიც ვერ წაიღო ზუგდიდიდან, აქ კი, როგორც კოლეგებმა მითხრეს, მასთან უინტერესო გადარბენებით თავგაბეზრებული ჟურნალისტები და რამდენიმე მსუბუქი იუმორი დაგვიტოვა... ფუი, ეშმაკს, რაღა ალასანიაზე გამახსენდა...



Комментариев нет:

Отправить комментарий