ქველმოქმედება

თეატრის დასის ქველმოქმედება

ზუგდიდელებო, დღეს თეატრში, სპექტაკლზე მისვლა არ დაიზაროთ!

987 ლარის დახმარება რუხელი ჩაჩხალიების ოჯახისათვის

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დღეს საქველმოქმედო სპექტაკლის „ENTER“ პრემიერა გაიმართება. პრემიერამდე, როგორც კი გაჩნდა სურვილი ქველმოქმედებისა, თეატრის დასმა მოკვლევა აწარმოა და რუხში, ნაგავსაყრელთან მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, დევნილ ჩაჩხალიების ოჯახზე შეაჩერა არჩევანი. ოჯახის უფროსი ინვალიადია, დედას ორი მცირეწლოვანი ბავშვის მძიმე ფიზიკურ შრომაზე დათანხმება უწევს რომ ოჯახს პურის ფული ჰქონოდეს. ,,ზუგდიდის" კორესპონდენტთან ანნა ნაჭყებიასთან საუბარში, სპექტაკლის ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი ფოჩხუა ამბობს–როგორც კი გადაწყვეტილება მივიღეთ დავხმარებოდით ჩაჩხალიების ოჯახს და მცირეწლოვან ბიჭებს, რომლებიც თხილის ქარხანაში და ერთ–ერთ მაღაზიაში მუშაობენ მზიდავებად, სპექტაკლის ბილეთები წინასწარ გავყიდეთ. აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც 10–20 ბილეთი ერთად შეიძინაეს. სულ 987 ლარი შეგროვდა. ეს თანხა უკვე გადავეცით ოჯახს და იქ აუცილებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა უკვე. სპექტაკლის მოქმედება მიუსაფარ ბავშვთა სახლის ყოფილ შენობაში ვითარდება. უდედმამო ახალგაზრდები ერთი დღით იმ ადგილას იკრიბებიან, სადაც 18 წლამდე იზრდებოდნენ და ეზოში, გარდაცვლილი თანატოლის საფლავთან, ერთად გატარებულ წლებს იხსენებენ. სპექტაკლის ჩვენება ამ სიუჟეტით იწყება და ცნობილი მწერლების შემოქმედებიდან ამონარიდების კითხვით გრძელდება. სპექტაკლში შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის 10 სტუდენტი და მე–10 საჯარო სკოლის 2 მოსწავლე მონაწილეობს. ისეთი ახალგაზრდები შევარჩიეთ, რომლებიც არასდროს მდგარან სცენაზე და დღეს მათი სასცენო დებიუტიც შედგება. საყურადღებოა ისიც, რომ სპექტაკლში მონაწილეობს და ბებიის როლს თამაშობს ზუგდიდელებისათვის საყვარელი უხუცესი მსახიობი ზემფირა გუნია. სპექტაკლს რა თქმა უნდა, დაესწრება ჩაჩხალიების ოჯახიც. ადვილი შესაძლებელია, დარბაზში დღესაც აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც გამოთქვამს სურვილს ოჯახს დახმარება გაუწიოს,–ეს დიდი საქმე იქნება. მინდა გითხრათ, რომ ქველმოქმედებითი საქმიანობის დამთავრებას ამ ერთი შემთხვევით არ აპირებს თეატრი. დასი, რომელსაც თავად საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს, გააგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას.
ზუგდიდელებო, არ დაიზაროთ დღეს, თეატრში, საქველმოქმედო სპექტაკლის პრემიერაზე მისვლა.
სურათი: გიორგი ფოჩხუა, ლაივპრეს.გე