16.04.2012

ვახაროთ მიცვალებულებს-ქრისტე აღდგა!

აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.
ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ვიხსენებთ მიცვალებულებს, გავდივართ საფლავებზე, მაგრამ ამჯერად ჩვენ მათ ვიხსენებთ არა იმიტომ, რომ განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ, რომ ვახაროთ მათ, "ქრისტე აღსდგა! თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა!"
ასე რომ, თუ ადამიანს სწამს ღმერთი, სწამს, რომ ის აღდგა და სიკვდილი განაქარვა, მისთვის ამ სადღესასწაულო დღეებში მიცვალებულის დატირება და გლოვა დიდი ცოდვაა. განშორების მწუხარება, რომელიც მარად ჩვენ გულშია, ამ დღეს მეტად თავშეკავებულად უნდა გამოიხატოს, რამეთუ მას ცვლის დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა. ამასთან, საფლავებზე გავდივართ სწორედ ორშაბათს და არა თვით აღდგომას, რაც არ იქნებოდა მართებული.
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებშიც: დაწყებით ლოცვებში სულიწმიდის მოწვევის ლოცვა "მეუფეო ზეცათაო..." სულთმოფენობამდე აღარ ითქმება. მის ნაცვლად სამჯერ ვამბობთ: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი".
ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინა დღესაც კი შეიძლება. იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას "გამარჯობის" ნაცვლედ ერთმანეთს ახარებენ: "ქრისტე აღსდგა!" - "ჭეშმარიტად!", "ჭეშმარიტად აღსდგა!", "ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე".

 არტოსი
აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიაში კანკელის წინ დგას პატარა მაგიდა პურით. ეს პური საგანგებოდაა გამომცხვარი და ეწოდება არტოსი (არტოს - ბერძნ. პური). ამ სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს.
აღდგომის სწორზე - კვირაცხოვლობას, არტოსი მცირე ნაწილებად იჭრება და მორწმუნეებს ურიგდება. ჩვენ ეს ნაჭერი უფრო მცირე ნაწილებად უნდა დავყოთ და მთელი წელი ვიმყოფინოთ: ავადმყოფობის ან სხვა განსაცდელის ჟამს უნდა მივიღოთ, როგორც სულიერი წამალი საკურნებლად სულისა და ხორცისა. არტოსი უნდა შევინახოთ წმინდა ადგილას

Комментариев нет:

Отправить комментарий