03.08.2011


















მააშ...ისკანდერფაშას ქართველი მემკვიდრეები გამოვდივართ, ხომ?!



იმთავითვე მინდა ვთქვა–როცა ამ წერილს ვამზადებდი, წუთითაც არ მომსვლია აზრად, ვიღაცის გულის ტკენა, მაგრამ ვიცი, გულნატკენი და ნაწყენი ბევრი დაჩება!


ვიმეორებ–იმთავითვე მინდა ვთქვა, ეს უკვე კოლეგების საყურადღებოდ!–ლეღვის ფოთლის ნაყენით გარუჯვა რომ მოისურვა ვიღაც ბანოვანმა და სხეულის 60 პროცენტი ჩაიხრუკა–ოჰ, ოჰ, ოჰ–ოო და წაღმა–უკურმა ვირბინეთ, ვინ პირველი შეატყობინებდა ცენტრალურ ტელევიზიას. ერთმა ჩინოსანმა, ერთ კბილატკივებულ მოქალაქეს რომ გაულაწუნა, ესაოდა, ჩემი ოჯახის ღირსებას ლახავსო, ის ჩინოსანი იყო, რიგით მოქალაქეზე როგორ ასწია ხელიო, არიქა, არავინ დაგვასწროსო და... ქვეყანას მოვდეთ! დევნილს რომ შესთავაზეს– დატოვე ეს ფართი და ფოთში გელოდება საცხოვრებელიო,–ასე უცებ როგორ ასახლებენო და იმდენი ჟურნალისტი დავესიეთ, თეფში არ გვეყო სათითაოდ რომ შეგხვედროდა და ჩალაგებაში დავხმარებოდით მასპინძელს. აი, ჩვენი პატარა ქალაქის ცენტრში, ბოტანიკურ ბაღში, მთელ მსოფლიოში უნიკალური, წითელ წიგნში შეტანილი ნარგავები რომ ნადგურდება,–ეს არაფერი! სამგლე–საგველედ რომ იქცა ჩვენი მშობლიური სიამაყე და მალე ერთ დიდ ნაგავსაყრელს გამოვჰკრავთ ხელს ქალაქის ცენტრში, ესეც არაფერი! რადგან ბოტანიკური ბაღზე და მისი ყოფნა–არყოფნის საშიშროებაზე წერა და ხმაურის ატეხვა არ ღირს–თემა პოლიტიკას არ ეხება და თემაში პოლიტიკოსები არ მონაწილეობენ! ახლა ამბობენ, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი იყიდებაო! არავინ იცის ვინ ყიდულობს, მაგრამ... გაიყიდოს, ჯანი გავარდეს, თუ ჩვენ ვერ შევირგეთ, ვინც შეირგებს, იმან მაინც იყიდოს და მოიხმაროს! წლებისა და საუკუნეების წინ, როგორც მეისტორიე ამბობს, ისკანდერ ფაშამ ეს ბაღი მოთხარა, მოჭრა, ცეცხლს მისცა. დიდი ღვაწლი, დიდი შრომა და ჯაფა ჩადო რომ გაენადგირებია. ჩვენ თითიც რომ არ გაგვიტოკებია ისე გავანადგურეთ ის სიმწვანე და მშვენება, რომელსაც ჩვენი წინაპრების სუნთქვის სურნელი ახლდა . მაააშ... თითიც რომ არ გაგვიტოკებია ისე! ისკანდერფაშას თანამედროვე ქართველი მემკვიდრეები ხომ გამოვდივართ? გამოვდივართ!


ახლა თქვენი ნებართვით, მინდა შემოგთავაზოთ იმ უნიკალური ნარგავების ნაწილობრივი ჩამონათვალი, რომელიც დღე–დღეზე გაქრება ბოტანიკური ბაღიდან, თუ დროზე პატრონი არ გამოუჩნდა:


იაპონური მაჰონია, სურნელოვანი ხიმონანთუსი, მსხვილყვავილა მაგნოლია, იაპონური ხენომელესი, ჰორტენზია, ჰიმალაიური ნაძვი, ჰიმალაიური კედარი, მარადმწვანე კვიპაროსი, წაბლფოთოლა მუხა, ლეღვი, აღმ. ჭადარი, პირამიდული ვარხვი, ძეწნა, კარპიის გლეჩია, ხავერდის ხე, აბრეშუმის აკაცია, ხე ტიტა /დოლარის ხე/, იტალიური ფიჭვი, ზღვისპირა ფიჭვი, ატლასური კედარი, კორპის მუხა, იუდას ხე, ცხენისწაბლა, თეთრი სოჭი, ევროპული წიფელი, ევროპული ცაცხვი, ლავზონის ხამეციპარისი, მაგნოლიები, ვიემუტის ფიჭვი, მარადმწვანე სექვოია, დასავლური თუია, ამერიკის ნეკერჩხალი, პეკანი, დასავლური აკაკი, სამეკალა, გლედიჩია, კატალპა, ამბრის ხე, ლირიოდენდრონი, კანადური ვერხვი, ცრუ აკაცია, დრუმონდული საპნის ხე, დასავლური ჯამყვავილა, ლუზიტანიური კვიპაროსი, კანარული ჭყორი, მანანის ევკალიპტი, სამხრეთული კორდილინა,ფორჩუნის ცეფალოტაქსუსი, ლავზონიური ხამეციპარისი, ნაგეის პოდოკარპუსი, ატლასური კედარი, ბარდანაყოფისებრი ხამეციპარისი, აღმოსავლური ბიოტა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... /მომიტევეთ, იქნებ რომელიმე მცენარის სახელწოდება ჩაწერისას დავამახინჯე, ან უნებლიედ კორექტურა გაიპარა/.


მცირე ისტორიული ექსკურსიც ბოტანიკური ბაღის მფლობელების შესახებ_ჩანაწერები გვამცნობენ:


დავით დადიანმა 1840 წელს, სამთავროს მართვასთან ერთად ხელი მოჰკიდა დეკორატიული ბაღის მშენებლობას. იმავე წელს მან შემოღობა სასახლის გარშემო მდებარე ტყის ნაწილი, რომელიც მიჩნეულ იქნა სასახლის ბაღად და მისი მართვა–გამგეობა დავითმა ჩააბარა თავის მეუღლეს ეკატერინე ჭავჭავაძე–დადიანს, რომელმაც მცირე ხანში ეგზოტიკური სახეობებით მდიდარი ბაღი შექმნა. გამოიწერა ამისათვის საჭირო თესლეული და ხეების ნერგები მეფის ლუი ფილიპეს ვერსალის ბაღიდან. ბაღის მთავარ მშენებლად კი იტალიის ქ. ტრიესტიდან მოიწვია მებაღე ჟოზეფ ბაბინი. 1855 წელს ისქანდერ–ფაშას ბრძანებით ძირიანად ამოთხარეს და გაანადგურეს ბაღი. ოსმალეთთან ზავის დადების შემდეგ, 1869 წლისთვის ბაღი აღდგა.1896 წელს მოწვეულ იქნენ სამუშაოდ სპეციალისტი მებაღე–დეკორატორები, ძმები გაეტანი და ჯიოვანო ზამბერლეტები.


1903 წელს გარდაიცვალა ნიკო დავითის ძე დადიანი და მას შემდეგ 1917 წლამდე ბაღს, დადიანების სხვა ქონებასთან ერთად, იცავდა და განაგებდა მათი რწმუნებული, ხოლო მენშევიკების ბატონობის დროს (1917–1921 წწ.) — ერობა. 1922 წელს განათლების სახალხო კომისარიატი ბაღის დირექტორად ნიშნავს აკაკი ჭანტურიას, 1924 წლიდან 1926 წლამდე ბაღი გადადის სასოფლო–სამეუნრეო ტექნიკუმის გამგებლობაში, 1926 წლიდან საქართველოს სსრ მიწსახკომის განკარგულებით იგი დაექვემდებარა თბილისის ბოტანიკურ ბაღს. შემდეგ, ერთხანს, ზუგდიდის ქალაქის საბჭოს კულტურისა და დასვენების პარკადაც იქცა. საქართვლოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1970 წლის დადგენილებით, ზუგდიდის პარკი გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღს და ეწოდა: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღის ზუგდიდის ფილიალი. აი, დღეს კი, რა ეწოდება და ვისია, გაურკვეველია.


ერთი საყურადღებო ვიკიპედიური ინფორმაციაც–2009 წლის მაისში საზოგადოება "ზუგდიდელის" თავმჯდომარემ ოთარ ფაცაციამ, ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფრიდონ თოდუამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება ბოტანიკური ბაღის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანისთვის ზომების მისაღებად. ამ გადაწყვეტილების თანახმად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 5 000 ლარს გამოყოფდა.


დღეისთვის, ბოტანიკურ ბაღთან ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და ზუგდიდის ბიუჯეტს ტერიტორიის გარდა არაფერი აკავშირებს. თუ არ ჩავთვლით ერთ დეტალს–მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური საკუთარ თავზე იღებს ბოტანიკური ბაღის დალაგებას 5 პერსონალით /?!/


,,თან, რომ იცოდეთ, ალბათ, არსად, არავის არ ჰყავს ისეთი ცენზიანი დამსუფთავებლები როგორიც ბოტანიკურ ბაღს–მის ბილიკებს 5 მეცნიერმუშაკი გვის."–ეს ინფორმაცია ჩემმა წყარომ მომაწოდა და დასუფთავების სამსახურშიც დაადასტურეს, მაგრამ მათი სახელები და გვარები არ დაგვისახელეს-უხერხულ მდგომარეობაში რატომ უნდა ჩავაგდოთო. ჩემი წყარო კი მეუბნება: ,,მართალია, მათ არ შეუძლიათ მთელი ბაღის დასუფთავება, მარტო ბილიკებს თუ მიხედავენო, მაგრამ... ესეც საქმეა... თან, უსამსახუროდ ყოფნას ხომ ჯობია, პურის ფული მაინც აქვთო..." ასე იყო ადრეულ წლებშიც–ბაღის მეცნიერმუშაკების დაუწერელ მოვალეობაში შედიოდა ბაღში წესრიგის დამყარება, ძროხების გადენასთან ერთად, რამდენჯერ შემხვედრია ცხონებული აბესალომ ტუღუში, ნიჭიერი მეცნიერი, წკეპლათი ხელში ძროხებს რომ დასდევდა მუზეუმისა და ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, რაც თავი მახსოვს, არასდროს ჰყავდა ბოტანიკურ ბაღს იმდენი პერსონალი, რამდენიც სჭირდებოდა საქმის საკეთებლად. და არც არასდროს ფინანსდებოდა სათანადოდ– კაპიკებს ამადლიდნენ, თითქოს მხოლოდ დადიანებისა და ჭავჭავაძეების საქმეს ახმარდნენ ამ თანხებს... ახლა, ხომ საერთოდ ყველამ ხელი აიღო... თუ როგორ იტყვიან? ხელი დაიბანა ბოტანიკურ ბაღზე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, მიტოვებული, გავერანებული, ეკალ–ბარდით სავსე, დაავადებული. უხეში ბალახი აღრჩობს უძვირფასეს მცენარეებს, ხელოვნურ ტბაში წყალი აშმორდა. იქ ადრე, ოქროს თევზებიც დაცურავდნენ, პატარა კუნძულები აღარ ყვავიან, საიმპერატორო დუმფარები გადაჯიშდნენ–ვიწრო და სიფრიფანები, ფერმიხდილები გახდნენ. უხუცესი სექვოია მოწყენილია, ხე–ტიტა დაძენძილია სარეველებით, ბაღის სიღრმეში შესვლას როგორ გაბედავ–,,ქვეწარმავლები წამოგედებიან ალბათ, თუ მგლები არაო", როგორც ბაღის ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მითხრა. ქობალიას ქუჩაზე მოსახლეობას ეშინია ბაღის მოუვლელი და დაბარდული ადგილებიდან ქვეწარმავლების გადმოსვლის. გადმოხოხდნენ თურმე არაერთხელაც უკვე. ფანჯრებსაც ვერ ვხსნითო.. სპეციფიკური სუნიც გამოდისო ბაღიდან...


იქნებ... იქნებ ვინმემ იცის როგორ ვუშველოთ ჩვენს თავს და ბაღსაც... სანამ პატრონი გამოუჩნდება ვინმემ ხომ უნდა უპატრონოს। მართლა ისკანდერ ფაშას მემკვიდრეები ხომ არ ვართ, ხალხნო!

Комментариев нет:

Отправить комментарий