16.04.2012

მოსკოვში ქართული ,,სამხედრო ავანტიურის " ეშინიათ?

მოსკოვში საქართველოს მხრიდან მოსალოდნელ „სამხედრო ავანტიურაზე“ საუბრობენ. ამის მიზეზი კი საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ „ღია ცის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმაა.
„ღია ცის“ შეთანხმების შეწყვეტით საქართველომ „საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხების არაკეთილსინდისიერი პოლიტიზირების“
დემონსტრირება მოახდინა,ასევე დაარღვია რუსეთის უფლებები - განაცხადა რუსეთის საგრეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.
ლუკაშევიჩის თქმით, „თბილისში შესანიშნავად ესმით, რომ აღიარა რა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რუსეთის ფედერაცია იყენებს მათ მიმართ ღია ცის შეთანხმებას, რომელიც კრძალავს ინსპექციურ ფრენებს შეთანხმების არაწევრი სახელმწიფოების სიახლოვეს - მათი ტერიტორიებიდან 10 კილომეტრში.“
ლუკაშევიჩი იმაზე წუხს, რომ „ქართული მხარე ბოლო წლების განმავლობაში ცდილობს მიიღოს შესაძლებლობა, შეთანხმების მონაწილე ქვეყნებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ისნპექციური ფრენების მარშრუტები რუსეთის ტერიტორიაზე -სწორედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ. ამ გეგმის მიზანია - დაფიქსირდეს საქართველოს მისწრაფება ამ რესპუბლიკებზე, რომლებიც საბოლოოდ გამოეყვნენ მას სააკაშვილის 2008 წლის ავანტიურის შემდეგ“ - ამბობს ლუკაშევიჩი.
მოსკოვი ამ საკითხს საგანგაშოს ხდის „საქართველოში კვლავ მიმდინარე შეიარაღების გამო“. „ამ ფონზე კი არ შეიძლება არ დაისვას კითხვა, რა არის რეალური მიზეზი, რომელმაც აიძულა ხელისუფლება, შეეზღუდა სამხედრო სფეროში ტრანსპარენტულობა“ - აინტერესებს რუსეთის საგარეო უწყებას და თბილისის გადაწყვეტილებას „ახალი სამხედრო ავანტიურის პროლოგს“ უწოდებს.
ინფორმაციისათვის: 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ რუსეთის მიმართ შეწყვიტა „ღია ცის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რამდენადაც რუსეთი „ღია ცის“ ხელშეკრულებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ ლეგალიზაციისთვის იყენებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий