16.05.2012

„სახელმწიფომ თანამდებობის პირების პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს!"


“კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის” დღეს, 16 მაისს განცხადება გაავრცელა და პარლამენტში ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა. კოალიციის განცხადებაში მითითებულია, რომ სახელმწიფომ თანამდებობის პირების პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს.


საქართველოს პარლამენტში უკვე მიმდინარეობს ახალი კანონპროექტის განხილვა, რომელიც საჯარო პირის პირად ინფორმაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს ითვალისწინებს.
„ახალი ინიციატივის თანახმად, თანამდებობის პირთა შესახებ არსებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი გათანაბრებულია კერძო პირის შესახებ არსებულ ინფორმაციასთან და დაინტერესების შემთხვევაში არ ექვემდებარება ავტომატურ გაცემას”, - განმარტავს „კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის“ და მიიჩნევს, რომ „უნდა არსებობდეს განსხვავებული მიდგომა საჯარო და კერძო პირების პერსონალურ მონაცემებს შორის, რადგან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ეს კატეგორიები მკვეთრადაა გამიჯნული. თანამდებობის პირები ფლობენ სახელმწიფო ხელისუფლების მნიშვნელოვან ბერკეტებს და შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე“.
კოალიცია განცხადებაში დაუშვებლად მიიჩნევს რომ „საზოგადოებას ჩამოერთვას უფლება გააკეთოს არჩევანი - იცოდეს, თუ ვის ირჩევს, რა ქონებას ფლობდა ის თანამდებობაზე დანიშვნისას და როგორ შეიცვალა მისი ეკონომიკური მდგომარეობა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში და სხვა მნიშნელოვან ინფორმაციას, რომელიც მოქალაქეს მისცემს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას”.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაამდაბლოს დღეს არსებული გამჭვირვალობის სტანდარტი და არ გააუქმოს თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობის გარანტიები, რადგან მისი აზრით, „დემოკრატიული სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემა ემყარებოდეს ღიაობას, მოქალაქეთა ჩართულობას, საჯარო მმართველობის გამჭვირვალობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის პრინციპებს, მედიას უნდა გააჩნდეს საშუალება მოიპოვოს და გაავრცელოს ინფორმაცია თანამდებობის პირების თაობაზე, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ღია მმართველობის ფარგლებში აღებული ვალდებულებები”.
წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий