25.07.2012

,,ოცნებაში" უარყოფენ ოცნებას ზუგდიდში ნონა გაფრინდაშვილის შესაძლო მაჟორიტარობაზე

ამ დღეებში ერთ–ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია თითქოს ბიძინა ივანიშვილი, ზუგდიდში, ოცნების მაჟორიტარ კანდიდატად ნონა გაფრინდაშვილის წარდგენას აპირებს. ინფორმაცია სააგენტოს არც ,,ოცნებაში" ჰქონდა გადამოწმებული და არც ქალბატონ ნონასთან, რომელიც თურმე საზღვარგარეთ იმყოფება.  იმთავითვე ვიტყვი, არ მგონია,  დიდად ეოცნებებათ ჭადრაკში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონის, წარმოშობით ზუგდიდელი ნონა გაფრინდაშვილის მაჟორიტარობა ზუგდიდელებს,
რადგან ქალბატონ ნონას ზუგდიდელები ზუგდიდელობისა და მეგრელობის უარყოფაში ადანაშაულებენ და ეს არაერთხელ შეუნიშნავთ ადრეც, როცა ქალბატონი ნონა მემარჯვენეების სახელით და ცხონებული პატარკაციშვილის პატრონაჟით აპირებდა მაჟორიტარობას და სწორედ ზუგდიდში იყრიდა კენჭს. მაშინ მისმა ფიცილ–მტკიცილმა ნაღდ ზუგდიდელობაზე ნაყოფი ვერ გამოიღო და ვერ გადასწონა ოდესღაც ერთ–ერთ მედიასაშუალებაში გაჟღერებული ფრაზა–თითქოს მას სამეგრელოსთან თუ ზუგდიდთან არაფერი აკავშირებდა /?/. ,,ზუგდიდი" გაფრინდასვილის თემაზე კოალიცია ,,ოცნების" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელს მერაბ ქვარაიას ესაუბრა, რომელმაც კატეგორიულად უარყო ინფორმაცია ზუგდიდში გაფრინდაშვილის მაჟორიტარად შესაძლო წარდგენაზე: ,, მე ამ ინფომაციას აბსურდულად ვთვლი და ჭორს ვუწოდებ. არასდროს არ ყოფილა საუბარი ,, ქართულ ოცნებაში" რომ ზუგდიდის მაჟორიტარად ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს წარადგენდნენ. ჩვენ ვიცით, რომ ზუგდიდის მაჟორიტარად კოალიცია წარადგენს ირაკლი ალასანიას." ჩვენს კითხვაზე, თუ როდის მოხდება ეს, ქვარაიამ გვიპასუხა, რომ აგვისტოს პირველ რიცხვებში ივანიშვილი ჯერ ბათუმში ჩავა, შემდეგ კი შესაძლოა ზუგდიდში ჩამოვიდესო. სხვათაშორის, სწორედ ,,ოცნების" ოფისიდან გამოსულზე მივიღეთ ინფორმაცია სანდო წყაროსაგან სამეგრელოს საოლქო პროკურორის როლან ახალაიას ზუგდიდის მაჟორიტარ კანდიდატად შესაძლო დასახელებაზე. რაღა დასამალია, თავადაც მიხვდებით, ეს თუ ასე მოხდა, მაგარი საარჩევნო ბატალიები ელოდება ზუგდიდს, ან იქნება და, პირდაპირ ვთქვათ, თუ ახალაია მოისურვებს მაჟორიტარობას, მოიგებს კიდეც. ალასანიასაც ჰყავს  ფავორიტები ზუგდიდში, მაგრამ ახალაიასთან შერკინება... ახალაიასთან შერკინებაააა...  /და ეს ალასანიასაც სხვაზე უკეთესად ეცოდინება/. ერთ–ერთ პოლიტიკურ პარტიაში ,,ზუგდიდს" უთხრეს, ივანიშვილმა იცის, ზუგდიდში ვერფერს გახდება და ხელი აქვს ჩაქნეული, შეგუებულია წაგებასო. მაშ, წაგებული თამაშისთვის გაიმეტებს ივანიშვილი ალასანიას? წესით, არ უნდა გაიმეტოს! იქნებ, სწორედ აქ დაიბადა ჭორი ნონა გაფრინდაშვილის ზუგდიდში მაჟორიტარად წამოყენებაზე? ,,ოცნებაში" მოხვედრილი გაურკვეველი პოზიციის ბურჯანაძის კანდიდატის წაგება ივანიშვილისთვის დიდი დანაკარგი არ იქნება... ვნახოთ, ვნახოთ?

Комментариев нет:

Отправить комментарий