20.04.2012

გიორგი ფარულავა: "ლაზიკა" ქართული სახელმწიფოს ინტერესებს არ ემსახურება!

 "როგორც სპეციალისტი, ღიად ვაცხადებ, ეს პროექტი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს უქმნის როგორც რეგიონს, ისე მთლიანად ქვეყანას."
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროექტი ახალი ქალაქის "ლაზიკას" აშენებაა, რომელიც ანაკლიასა და ყულევს შორის განთავსდება. ქალაქი ნახევარმილიონიანი იქნება. პროექტისადმი საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა — არსებობს უამრავი საკითხი, რაზეც ხელისუფლება პასუხებს შეგნებულად აგვიანებს, ან ისინი, უბრალოდ, არ გააჩნია. არადა, უფლება გვაქვს ვიცოდეთ, ვინ იქნება ის ნახევარი მილიონი ლაზიკელი, ვინც ამ ქალაქში იცხოვრებს, რომელი ფულით აშენდება და, საერთოდ, რა დაჯდება ეს პროექტი. საყურადღებოა, რომ ხელისუფლებამ ქალაქის გასაშენებლად ჭაობების ამოშრობა გადაწყვიტა, რაც, ბუნების დამცველთა და ეკოლოგთა აზრით, კატასტროფას გამოიწვევს. ამასთან, როგორც ირკვევა, პროექტ "ლაზიკაზე" საავტორო უფლება ამერიკელებს ეკუთვნით, თუმცა, როგორც ამბობენ, ჩვენმა ხელისუფლებამ ის, უბრალოდ, მიითვისა.
რას უნდა ველოდეთ, თუკი ხელისუფლება ამ პროექტს საკუთარი გეგმის მიხედვით განახორციელებს? ამის შესახებ გვესაუბრება ეკოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ფარულავა.

— ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებთ ხელისუფლების ახალ გრანდიოზულ პროექტს – სამეგრელოში ახალი ქალაქის "ლაზიკას" მშენებლობის დაწყებას — ეს ქვეყნისთვის მართლა საჭიროა, თუ ხელისუფლების მორიგი პიარ-პროექტია?

— ამ პროექტის განხორციელება აუცილებლობით არ არის განპირობებული და შესაბამისად ის ხელისუფლების პიარ-პროექტია. როგორც სპეციალისტი, ღიად ვაცხადებ, იგი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს უქმნის როგორც რეგიონს, ისე მთლიანად ქვეყანას. შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ: ეს იქნება ეკოლოგიური კატასტროფა რეგიონისთვის! ცნობილია, რომ ჭაობებს რამსაარის კონვენცია იცავს. მათი მასიური ამოშრობა გამოიწვევს იმას, რომ შავი ზღვა თითქმის მთელ კოლხეთის დაბლობს მიიტაცებს! ჭაობისთვის ხელის ხლება არ შეიძლება, რადგან ეს სტრატეგიული წყალია. ყველამ ვიცით, რომ წყალი ამ ქვეყანაზე ყველაზე ძვირადღირებული რესურსია. მისი ფასი ჯერ ბოლომდე დადგენილიც არ არის. გარდა ამისა, გარემოს ბუნებრივ სრტუქტურაში მსგავსი უხეში ჩარევა კარგს არაფერს მოგვიტანს.

— მოგეხსენებათ, თავის დროზე კოლხეთის დაბლობზე ჭაობების დაშრობა კომუნისტებმა გადაწყვიტეს და ნაწილობრივ გააკეთეს კიდეც. ამ ჭაობების ადგილას პლანტაციები გააშენეს. ანუ ეს ეტაპი რეგიონმა გარკვეულწილად გაიარა... მომავალ პროექტსა და მაშინდელ პროცესს შორის, შედეგის თვალსაზრისით, შესაძლოა რაიმე ანალოგი არსებობდეს?

— ჯერ ერთი, კომუნისტებმა ჭაობების შედარებით მცირე ნაწილი დააშრეს, თანაც მაშინ იქ დიდი ქალაქი არავის გაუშენებია და შესაბამისად ეს ცვლილება ადგილობრივ მოსახლეობას, ფაქტობრივად, არ შეხებია. მართალია, ჭაობი დააშრეს, ადგილი ჰქონდა, რა თქმა უნდა, ალოგენურ, ანუ ეკზოგენურ სექცესიებს, მაგრამ ძირითადი სტრუქტურა შენარჩუნებული იყო. ამჯერად ჩვენ ამ სტრუქტურის რღვევასთან გვაქვს საქმე, რაც სულ სხვა მასშტაბის საფრთხეს შეიცავს.

— როდის გაჩნდა "ლაზიკას" აშენების იდეა, რა იყო მისი წინაპირობა, თუ იმუშავა პროექტზე შესაბამისმა კომისიამ, თუ არსებობს ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა... მოკლედ, თქვენთვის, როგორც ეკოლოგიის სპეციალისტისთვის, რა არის ამის შესახებ ცნობილი?

— ვიცი, რომ თავიდან იყო ძალიან ნორმალური და მისაღები ამერიკული პროექტი. ამერიკელებს პროექტის ფინანსურ-ეკონომიკურ-პოლიტიკურთან ერთად ეკოლოგური გაანგარიშებებიც ჰქონდათ. რაც შეეხება უშაულოდ ეკოლოგიას, იმ პროექტის თანახმად, ახალი ქალაქის გაშენება გარემოზე უხეში ზემოქმედება არ იქნებოდა. ჭაობის დაშრობაზე ლაპარაკიც არ იყო, უბრალოდ, აშენდებოდა 30-ათასიანი ქალაქი მისთვის საჭირო და აუცილებელი ინფრასტრუქტურით. მთავარი ის გახლდათ, რომ გარემოს სტრუქტურა მაქსიმალურად შენარჩუნდებოდა. ბუნებრივია, ახალი ქალაქის გაშენება, თუნდაც 30-ათასიანის, გარემოსთვის მაინც მძიმე და მგრძნობიარეა, თუმცა ამერიკული პროექტით უხეში ჩარევა არ მოხდებოდა. განვითარება ყველაფერს სჭირდება და ჩვენც მზად ვიყავით მიგვეღო ეს პროექტი, მაგრამ რასაც ახლა გვთავაზობენ, ეს წინდაუხედავი ნაბიჯია. ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ ნებისმიერ ახალ წამოწყებას წინაწარი შესწავლა და კარგად გაანალიზება სჭირდება. ჯერ ეკოლოგიური ექსპერტიზა მოგვაწოდონ და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთ. არსებული ინფორმაციით კი, რაც იგეგმება — კატასტროფაა!

— თქვენ ამერიკული პროექტი ახსენეთ. სამეგრელოს რეგიონში კიდევ ერთი ქალაქის დაარსებას რა მიზანი და დანიშნულება ჰქონდა?
— აქ ლაპარაკი იყო ქალაქზე, რომელსაც ინდუსტრიული დატვირთვა ექნებოდა, კერძოდ, განსაზღვრული იყო სანიტარული ცხოველების შემოყვანა, ძირითადად ხამანწკების, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც მლაშე და მტკნარი წყლების ბუნებრივი სანიტრები. ხამანწკების ერთ-ერთ საკვებს ეშერიხია კოლი წარმოადგენს.,რასაც გარდაქმნიან პროტეინად ეს კი არაჩვეულებრივი საკვებია და საკმაოდ ძვირადღირებულიც. როდესაც ამერიკელები ამბობდნენ, რომ ამ ქალაქში 15 ათას კაცს დაასაქმებდნენ, რასაკვირველია მისაღები იყო, რადგან ამ ქალაქის გაშენებას როგორც ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური გამართლება ექნებოდა. 30 ათასიან ქალაქს ის გარემო აიტანს, მაგრამ მეტს — ვერა, მით უმეტეს, 500 ათასიანს.

— როგორც ცნობილია, "ლაზიკას" პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია. ხშირად ლაპარაკობენ ჩინელების ჩამოსახლებასა თუ ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებაზე. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?

— მე ეკოლოგი ვარ და ამ დარგის ექსპერტი. პოლიტიკური ინფორმაციები არ გამაჩნია, თუმცა ვფიქრობ, ეს პროექტი პოლიტიკურადაც გაუმართლებელია. მგონია, რომ ეს სხვა სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება. დარწმუნებული ვარ, ამ ჩანაფიქრში ქართული ინტერესები ნამდვილად არ არის ჩადებული. ჩვენი ქვეყანა იმხელა არ არის, რომ მისთვის ასეთი მასშტაბის გარანდიოზული პროექტები მოვიფიქროთ. ეს არის ძალიან უხეში და სერიოზული ჩარევა იმ გარემოში, სადაც ვცხოვრობთ და იგი ამას ვერ აიტანს. შეიძლება საკმაოდ პესიმისტური განცხადება გამომივიდეს, მაგრამ, სამეგრელო, რომელიც გადარჩა და დღემდე მოვიდა, რომელიც ქვეყნის ხერხემლის ფუნქციას ასრულებს, სამწუხაროდ, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ აღარ იქნება! ეს არის რაღაც უცხო გარემოსთან სამეგრელოს პირდაპირი ასიმილაციის პროექტი.

— იქნებ უფრო დააკონკრეტოთ, რა შედეგებს მივიღებთ: რა შეიცვლება კონკრეტულად რეგიონისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის?

— უახლოეს მომავალში სამეგრელოში სასმელი წყალი აღარ იქნება. ჭაობები თუ დააშრეს, მოიშლება ეპიგენების ყველა ფაქტორი: რელიეფი, გრუნტი, წყალი, წყალმცენარე. გრუნტის წყლები დაბლა დაიწევს — არტეზიულ წყლებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბალანსი დაირღვევა. ჭაობს სტრატეგიული წყალი ჰქვია, აქ 1,7 ათასი კუბური კილომეტრის მოცულობის წყალია. კიდევ ვიმეორებ, ჭაობების მასობრივი ამოშრობის შედეგად ჩხოროწყუდან მოყოლებული სამტრედიამდე სასმელი წყალი, ფაქტობრივად, აღარ გვექნება. თუ ბუნებრივი ბალანსი დაირღვევა, შავი ზღვა აუცილებლად აქეთ წამოვა და ამ პროცესს, თუნდაც ბეტონის ათმეტრიანი კედლები ააშენონ, მაინც ვეღარ შეაჩერებენ.

— ბუნებრივია, კლიმატის ცვლილებაც იქნება მოსალოდნელი...

— ცხადია. მაგალითად, ენგურზე წყალსაცავის აშენების შედეგად ის მივიღეთ, რომ მდინარეზე 30 კილომეტრიანი მკვდარი მონაკვეთი გვაქვს. ამ მონაკვეთზე არავითარი ცოცხალი ორგანიზმი არ არის, ის ბიოორგანული გაზებით არის გაჯერებული. ამან მძიმე შედეგები მოგვიტანა. ნიადაგწარმოქმნის პროცესში ბიოორგანიზმები მონაწილეობენ. ერთ-ერთი მათგანი ხოჭოები არიან, რომლებიც ვერტიკალურ მიგრაციას ეწევიან. ამ მიგრაციის შედეგად ნიადაგის წარმოქმნის პროცესი მიმდინარეობს. ენგურზე კი ეს პროცესი წყალსაცავმა შეაჩერა. ჯერჯერობით შეიძლება ამის შედეგი იმდენად მძაფრად არ იგრძნობა, თუმცა ის, რომ გლეხებს ამ რეგიონში მოსავალი ვეღარ მოჰყავთ და მათ ნიადაგს სხვადასხვა სახის სასუქი სჭირდება, ფაქტია. აქ საკმოდ რთული პროცესები მიდის და ამიტომ ვამბობ, რომ "ლაზიკა" ამ რეგიონისთვის კატასტროფა იქნება! სამეგრელო საუკუნეების მანძილზე ჭაობმა გადაარჩინა, ახლა კი მას სრული ასიმილაცია ემუქრება გაურკვეველ უცხო გარემოსთან.

— ამერიკული პროექტის მიხედვით, გარემოსაც და ადამიანებსაც პირდაპირი სარგებელი უნდა ენახათ. პროექტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას, მის მსოფლიო ბაზარზე გატანასა და, რაც მთავარია, დევნილი მოსახლეობის დასაქმებას ითვალისწინებდა. თუ იცით, ახალ "ლაზიკას" ქვეყნისთვის რაიმე ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია?

— გარდა იმისა, რომ კატასტროფას გამოიწვევს, ქვეყანას ვერაფერს მოუტანს. ამერიკელებმის შემოთავაზება კი 15 ათასი ადამიანის დასაქმებას გულისხმობდა, ანუ ერთი რაიონი, ფაქტობრივად, მთლიანად დასაქმდებოდა. ეს არ იქნებოდა ცუდი საქმე. ეკოლოგიური თვალსაზრისითაც გამართლებული იყო — ჯერ ერთი, ხამანწკები წყალსა და გარემოს ასუფთავებენ, მეორეც, ამერიკელები სპეციალური ტალღისმჭრელი ბეტონის ნაგებობების აშენებას აპირებდნენ. ტალღის ჭრა იმას ნიშნავს, რომ წყალი ჟანგბადით მდიდრდება და ასე გამდიდრებული სუფთა ზღვის წყალი ეკოტურიზმის მოყვარულთათვის და, საეთოდ, ტურიზმისთვის ძალიან კარგი და მისაღებია. ანუ, თუ ამერიკული პროექტი განხორციელდებოდა, ეს ხელს შეუწყობდა ტურიზის განვითარებასაც.

— გარემოს დამცველების და სპეციალისტების მიერ მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ გაფრთხილების მიუხედავად, ხელისუფლება რეგიონში ჭაობების ამოშრობის პროცესის დასაწყებად აქტიურად ემზადება. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს საკითხი ბევრად უფრო აქტიურად უნდა დაისვას საზოგადოებაში, რათა ხელისუფლება რაიმე დათმობაზე მაინც წამოვიდეს?

— იმისთვის, რომ ამ პროექტის ნეგატიური მხარეები საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი, სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი. ახლა სამეგრელოს ყოველ მეორე მცხოვრებს "ლაზიკაზე" რომ შეეკითხოთ, გიპასუხებთ, რომ ძალიან კარგია, რადგან მომდევნო 10 წლის განმავლობაში მაინც, სამუშაო ადგილები იქნება. ჩვენ კი ვლაპარაკობთ ამ პრობლემაზე და ვიცით, რა საშიშროება ახლავს თან ხელისუფლების მიერ გაპიარებულ "ლაზიკას", მაგრამ ეს რომ ხალხს გააგებინო, საამისოდ სულ სხვანაირი მუშაობაა საჭირო. სამწუხაროდ, საპროტესტო განწყობას საზოგადოებაში ჯერ მაინც სახელისუფლებო პიარი სჯაბნის, ამასობაში კი ქვეყნის ინტერესები ზარალდება.

— გამოდის, რომ ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური აქტივობაა საჭირო. თქვენ პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ეკოლოგიური ექსპერტი ბრძანდებით. როგორ შეაფასებთ ამ პარტიის საქმიანობასა და პოლიტიკურ მიზნებს?

— რაც შეეხება პარტიას "განახლებულ საქართველოსთვის", ვხედავ, რომ ძალიან სერიოზულად მუშაობენ. რაც მთავარია, მომწონს იდეა, რომ საქართველო უნდა გამთლიანდეს, რომ დროზე უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ამისთვის ბრძოლა კი ნამდვილად ღირს. თუ ამ პარტიის ოფიციალური მრჩეველი მეზობელი ქვეყნის ლიდერს ღიად ხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი უახლოეს მომავალში სერიოზულ განაცხადს გააკეთებს. თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ არც "განახლებულ საქართველოს" აქვს აზრი, არც "ოცნებას" და, საერთოდ, არაფერს.

წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий