14.08.2012

ზუგდიდის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრთა შერჩევის გაურკვეველი კრიტერიუმები


საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ადგილობრივ თვითმმართველობებთან არსებული მრჩეველთა საბჭოები შეიქმნა. მათ შორის არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტიც. საბჭოები აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს [USAID] და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა.

„ეს არის სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოხალისეობრივი გაერთიანება, რომელიც მოახდენს საზოგადოებაში არსებული პრობლემების გამოვლენას და მათ მიტანას გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან“, – უთხრა „ლაივპრესს“ აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ კოორდინატორმა სამეგრელოში ვახტანგ ჯავახაძემ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭო 11 წევრისაგან შედგება და მას საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, რევაზ ხაინდრავა ხელმძღვანელობს. საბჭოს წევრები არიან: საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ლევან მაქაცარია, აპარატის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად მე–3 საჯარო სკოლის დირექტორი ელზა კვარაცხელია, საკრებულოს ფრაქცია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე ბესიკ ფიფია, ზუგდიდის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგიზ შანავა, გამგეობის თანამშრომელი ეკა თოდუა, სამხარეო ადმინისტრაციის საფინანსო–სამეურნეო სამსახურის უფროსი, მალხაზ ციკუტანია, ბიზნესსექტორის წარმომადგენელი, რობერტ კონჯარია, ასოციაცია „დეას“ წარმომადგენელი ნონა ქობალია, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი დაცვის“ იურისტი რუსუდან პაჭკორია და რადიო „ათინათის“ ახალი ამბების რედაქტორი თეა შონია.

„ლაივპრესის“ კითხვაზე, რა კრიტერიუმით, ან ვისი რეკომენდაციით შეირჩნენ მრჩეველთა საბჭოს წევრები, ვახტანგ ჯავახაძეს პასუხის გაცემა უჭირს. მეტიც, იგი ამბობს, რომ საბჭოს წევრების ნაწილს არც იცნობს.

კითხვაზე, სხვა საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, რატომ აქვს მითითებული დოკუმენტში საბჭოს ერთ–ერთ წევრს, მალხაზ ციკუტანიას საზოგადოების წარმომადგენელი, როდესაც იგი სამხარეო ადმინისტრაციაში მუშაობს. ჯავახაძე ამბობს, რომ ციკუტანიას არ იცნობს, რადგან „ზუგდიდელი არ არის“.

მალხაზ ციკუტანია რომ საჯარო მოხელეა, ამის შესახებ არც ზუგდიდში მოქმედმა ასოციაცია „დეას“ ხელმძღვანელმა, მადონა ხარებავამ იცის. მისი თქმით, საბჭოს წევრების შერჩევაში მას და მისი ორგანიზაციის წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ. მადონა ხარებავა აქვე აცხადებს, რომ „დეას“ წარმომადგენლის საბჭოში მიწვევა ლოგიკური იყო, „რადგან ამ ორგანიზაციას თვითმმართველობასთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“.

საბჭოს წევრის, ჟურნალისტ თეა შონიას აზრით, საბჭოს წევრები „კომპეტენტური პირები“ არიან. ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ საბჭო დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ მასში საჯარო მოხელეების სიმრავლეა. თეა შონია ამბობს, რომ საბჭოს საქმიანობას აქტიურად გააშუქებს, თუმცა მას მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა არ გაუშუქებია. ამბობს, რომ ის გაცნობითი ხასიათის იყო და მნიშვნელოვნად არ ჩათვალა. მრჩეველთა საბჭოს პირველ სხდომაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლები არ მიუწვევიათ.

„ლაივპრესის“ არქივში არის ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკვირდება საკრებულოს აპარატის თანამშრომელი, მრჩეველთა საბჭოს წევრი ლევან მაქაცარია თანამშრომლებთან ერთად, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ზუგდიდის სოფელ ორულუში 12 ივნისს გამართულ შეხვედრას.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მოქალაქეების ნაწილი სტვენდა და ხმამაღალი შეძახილებით ივანიშვილს „აგენტს“ უწოდებდა. აქციაზე მყოფ ზუგდიდის საკრებულოს წევრის „თავისუფალი დემოკრატებიდან“, გია ალასანიას თქმით, ორულუში კოალიციის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლის მცდელობა საკრებულოს ორგანიზებით მოხდა. ამავე შეხვედრაზე, საკრებულოს აპარატის რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტელეკომპანია „მე–9 არხის“ ჟურნალისტების მიმართ პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მცდელობასაც.

თავის მხრივ, მრჩეველთა საბჭოს წევრთა შერჩევის კრიტერიუმებზე საუბრისას, საბჭოს თავმჯდომარე რევაზ ხაინდრავა ამბობს, რომ „ერთი, ორი ადამიანი ყოველთვის იქნება ისეთი, ვინც შეიძლება ყველას მოსაწონი ვერ იყოს. თუმც,ა ვისი რეკომენდაციით მოხვდნენ ისინი საბჭოში, ხაინდრავას თქმით, „საკვანძო საკითხი“ არ არის.

„ისინი არც მე შემირჩევია და არც ზუგდიდის მუნციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთმა ერთი წამოაყენა, მეორემ – მეორე. არ მახსოვს, საბოლოოდ ვისი რეკომენდაციით შეირჩნენ“, – ამბობს ხაინდრავა, რომელიც აცხადებს, რომ საბჭოს პირველი სხდომა რამდენიმე დღის წინ გაიმართა და ჯერ „ბევრი სასაუბრო არ აქვს“.

„მრჩეველთა საბჭოში საჯარო მოხელეები საერთოდ არ უნდა იყვნენ“, – აცხადებს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, კოტე კანდელაკი. მისივე თქმით, თუ ასეთ ჯგუფებში საჯარო მოხელეები იქნებიან წარმოდგენილნი, მაშინ ეჭვქვეშ დგება თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალეობა.

„მრჩეველთა საბჭო აქტიურად უნდა მონაწილეობდეს საბიუჯეტო განხილვებსა და ცვლილებების მიღებაში. ამას კი, კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოების რესურსი სჭირდება“, – ამბობს ექსპერტი.

როგორი უნდა იყოს საბჭოს სამოქმედო გეგმა, ამაზე ჯგუფის წევრებს ასოციაცია „დეა“ ტრენინგებს ჩაუტარებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მადონა ხარებავა ამბობს, რომ მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრები, სადაც მოქალაქეები განიხილავენ, თუ რა სახის სერვისები სჭირდებათ მათ ადგილობრივი თვითმმართველობისაგან. მადონა ხარებავა ფიქრობს, რომ მრჩეველთა საბჭოს ამოქმედებით, თვითმმართველობის მუშაობა მეტად ეფექტური იქნება.

კოტე კანდელაკი ამბობს, რომ მრჩეველთა საბჭოები გასულ წლებშიც შეიქმნა, მაგრამ ვერ იხსენებს ფაქტს „რაიმე მნიშვნელოვანი გაეკეთებინა საბჭოს“.



Комментариев нет:

Отправить комментарий