19.04.2011


შვიდგზის ზეთისცხებ

 დიდ მარხვას მოსდევს ვნების შვიდეული. მარხვა კვლავ უფრო მკაცრი ხდება, განსაკუთრებით დიდ პარასკევს – იესო ქრისტეს ვნებათა ხსენების დღეს.

დიდი ორშაბათიდან დიდ ხუთშაბათამდე ტაძარში იკითხება ოთხივე სახარება მთლიანად. ორშაბათიდან ოთხშაბათამდე სრულდება პირველშეწირულის ლიტურგია, დიდ ხუთშაბათს წმიდა ბასილი დიდის წირვა. ხუთშაბათის შემდეგ აღარ ითქმის ეფრემ ასურის ლოცვა.

დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში სრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ „შვიდგზის ზეთისცხება“, როგორც მას დღეს უწოდებენ.

 

ეს საიდუმლო, ისევე როგორც ახალი აღთქმის დანარჩენი საიდუმლოებანი, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიწესა, როდესაც მისი ლოცვა-კურთხევით საქდაგებლად წარგზავნილი მოციქულები „სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს“ (მარკოზი 6, 13). ზეთის კურთხევის მიზანი წმიდა მოციქულ იაკობის სიტყვებშიც ჩანს:

„უძლურ თუ ვინმე არს თქვენს შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მას ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან, დაღაცათუ ცოდვა რაიმე იქმნეს, მოვეტეოს მას“ (იაკობი 5, 14-15).

აქედან ჩანს, რომ ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების მიზანია ავადმყოფის ხორციელი სნეულებისაგან განკურნება და ცოდვათა მიტევება.

ამ საიდუმლოს პირველსახედ შეიძლება მივიჩნიოთ, აგრეთვე, თვით უფლის მიერ განრღვეულის განკურნება ქალაქ კაპერნაუმში, როდესაც იესო ქრისტემ სნეული არა მარტო სარეცელიდან ააყენა, არამედ ცოდვებიც მიუტევა (მარკოზი 2, 1-12).

სასურველია, რომ მორწმუნემ ზეთის კურთხევაში მონაწილეობა ყოველწლიურად მიიღოს, რადგან, თუ აღსარებისას ადამიანს ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც აღიარა და მოინანია, გადმოცემის თანახმად ზეთის კურთხევისას, დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება. შვიდგზის ზეთისცხება აღდგომის მარხვაში აღესრულება, მაგრამ რომელ კვირაში, ამას ტაძრის წინამძღვარი გადაწყვეტს. შესაბამისად, ის შეიძლება, აღესრულოს მარხვის დასაწყისში, შუა პერიოდში, ან მარხვის ბოლოს. ანუ, სპეციალურად დადგენილი დღე არ არსებობს და ეს უშუალოდ ტაძრის წინამძღვრის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. შვიდგზის ზეთისცხებას უნდა აღასრულებდეს შვიდი მოძღვარი, თუმცა შეიძლება, ერთმაც აღასრულოს. უბრალოდ, სასურველია, ამ საიდუმლოში შვიდი სასულიერო პირი იღებდეს მონაწილეობას. შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოს აღსრულებისას იკითხება შვიდი სამოციქულო და შვიდი სახარება. იმავდროულად, იკურთხება ზეთი და ღვინო, რომლებიც ერთმანეთში ირევა და შემდეგ მორწმუნე მრევლს სცხებენ. დიდმარხვაში დაწესებული შვიდგზის ზეთისცხება დადგენილია ასევე იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომლებიც უძლურებაში, სნეულებაში არიან, და საწოლს არიან მიჯაჭვული, მათ არ შეუძლიათ ტაძარში მისვლა. ზეთისცხების დროს ასეთ ადამიანზე გადმოდის ღვთაებრივი მადლი, მას მიეტევება ის ცოდვები, რომლებიც არ ახსოვს და არა ისინი, რომლებიც არ თქვა, დამალა. შეიძლება ბავშვობაში ჩაიდინა, მასთან დიდი წლები აშორებს და შესაბამისად, აღარ ახსოვს.

შვიდგზის ზეთისცხების დროს, ადამიანებს მოძღვრები სახეზე, კისერზე, ყელზე სცხებენ ზეთს. ზეთისცხება ემსახურება ადამიანის ფიზიკური და სულიერი სნეულებებისგან გათავისუფლებას, განკურნებას. შუბლზე იმიტომ ვიცხებთ, რომ გონება გაგვინათოს უფალმა, რომ დავინახოთ ჩვენი ცოდვები, გულწრფელი სინანული გვქონდეს, ყურებზე – იმიტომ, რომ კარგი გავიგოთ, გვესმოდეს უფლის, თვალებზე – იმიტომ, რომ კეთილი საქმე ვაკეთოთ, ლოცვები ვიკითხოთ, სიკეთე დავინახოთ. ადამიანის ხელი, ფეხი, გონება, უპირველეს ყოვლისა, უნდა ემსახურებოდეს უფალს, კეთილ საქმეს. შვიდი კი ეკლესიაში სიმბოლური ციფრია და ამიტომაც ადამიანს შვიდ ადგილას ეცხება ზეთი.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий