09.08.2012

რა მოხდა ანაკლიაში, გიორგი ფოჩხუას მკვლელობის დღეს?


რა მოხდა ანაკლიაში, გიორგი ფოჩხუას მკვლელობის დღეს?

ირმა მესხია, "gurianews.com"

ვინ არის გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია და რა
ურთიერთობა ჰქონდა მას გარდაცვლილთან? ზუგდიდში საუბრობენ, რომ იგი
ზუგდიდის ციხის არაოფიციალური თანამშრომელია და პატიმრების დასასჯელად,
საცემრად იყენებენ.

როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ცობეხია საკმაოდ კარგად მღეროდა.
მან წყნეთში დევნილების სკოლაში მისულ პრეზიდენტს ერთ-ერთ საღამოზე უმღერა,
რითაც საქართველოს პრეზიდენტი აღფრთოვანებული დარჩა. მათ ერთად ფოტოც
კი გადაიღეს და ამ ფოტოს აქვე გთავაზობთ.

იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს და რა ვერსიები აქვს ოჯახს გიორგი ფოჩხუას 
მკვლელობასთან დაკავშირებით, "გურია ნიუსს" გიორგი ფოჩხუას დას,
ელენე ფოჩხუას ესაუბრა.

_ ქალბატონო ელენე, ამბობენ, რომ გიორგიმ ცურვა არ იცოდა...

_ გიორგი შესანიშნავად ცურავდა, არც ნასვამზე და არც ნაბახუსევზე არასდროს 
შევიდოდა ზღვაში.მამაჩემმა იცოდა, რომ გიორგი დაიხრჩო. როცა მიცვალებული
სახლში მოასვენეს,ნახა, რომ იგი ნაცემი იყო _ სახის არც ერთი კუთხე არ უვარგოდა, ცხვირი ჰქონდა 
გატეხილი, იყო ნაცემი და ნაწამები. კისრის მალა (ფუძე) მოტეხილი ჰქონდა, სახე _
ჩალურჯებული, კბილები _ მოტეხილი, მიცვალებულის თავი ყანყალებდა.

ისე ოპერატიულად მოხდა ამ საქმის გამოძიება, ჩვენ თვითონ გაგვიკვირდა. ძალიან
დიდი მადლობლები ვართ.
_ არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, რა ჩვენება მისცა ეჭვმიტანილმა?

_ კონკრეტულად რა დაწერა, არ ვიცი, მაგრამ ამბობს, რომ ცემაში შემოაკვდა.
ეს არ არის გამართლება? ბოლომდე არ ვიცი მიზეზი. გვეუბნებიან, რომ
ელოდებიან ექსპერტიზის პასუხს. არ ვიცი, რით იმართლებს თავს მკვლელი.
შემოკვდომა არარის _ ადამიანს სხეულის არც ერთი ნაწილი არ აქვს საღი.

_ თქვენ იცით, რა მოხდა ანაკლიაში?

_ საღამოს, მეგობრებთან ერთად გამოვიდნენ ბარიდან, მერე სეირნობდნენ
ბულვარში. ცობეხია ამბობს, გიორგიმ თვითონ გამიხმოო... სასტუმროს კამერებზე
დაფიქსირებულია ჩანაწერი, სადაც ამბობს _ "ფოჩხუა, ვა, შე ბებერო!" ასე შეიძლება
მიმართო ადამიანს, რომელიც შენი ძალიან ახლობელია. გიორგის მიმართვა _
"ბებერო", გაჰკვირვებია. ვერ მიცანიო, იმას უთქვამს. ვერაო. სულ ორჯერ ჰყავდა
ნანახი.

_ ხომ არ იცით, საიდან იცნობდა?

_ ზუგდიდში იყო ბარ-რესტორანი "როიალ-პალასი" რომელმაც სულ ორი თვე 
იმუშავა. ცობეხია, თურმე, იქ მუშაობდა დაცვაშიჩემი რძალი იხსენებს, ერთ-ერთ
საღამოზე, რომელიც გიორგის მიჰყავდა, მეც ვახლდიო. ცობეხია, თურმე,
კლიენტებს "აწერდა" რაღაცეებს _ დასალევს ან სუფრას.ალბათ,
გაბოროტებული იყო, თვითონ რომ ვერ ქეიფობდა. ერთ- ერთმა უარი 
უთხრა "შეწერაზე" და ძალიან დიდი ჩხუბი ატყდაო. ვინც იცნობს, ყველა ამბობს,
რომ ფიზიკურად ძლიერი იყო.

_ რამდენად იყო გიორგი კონფლიქტური?

_ გიორგი იყო უკონფლიქტო, მას არ ჰყავდა მტერი, იგი არ იყო პოლიტიკოსი. 
იყო ხელოვანი ადამიანი, მუშაობდა თეატრში, მიჰყავდა გაეროს ერთ-ერთი
პროექტის გადაცემა.

_ ვრცელდება ხმები, რომ ის დაკვეთით არის მოკლული...

_ ეს სისულელეა. მე ზუსტად ვიცი, რაც მოხდა _ ამან გიორგი გაიხმო _ "ვაა, ფოჩხუა?!"
გიორგი იყო ძალიან მიამიტი, უბოროტო, ძალიან კარგი ადამიანი. ჩემი ძმა რომ
არის, იმიტომ არ ვამბობ. ენდო იმ ადამიანს. ის ადამიანი არის გარეწარი. იმან ზუსტად
იცოდა ვინ იყო, როგორი იყო. ნელა-ნელა გაიტყუა გიორგი. მე რამდენჯერ მქონია
შემთხვევა, წავსულვარ დაქალებთან, შემხვედრია ახლობელი... დაქალები იქ ხომ არ
დადგებიან?! მერე უკან მომიხედავს და მითქვამს – უი, რამდენი წამოვსულვარ...

ასეთი სიტუაციით მან გაიტყუა სასტუმრო "ანაკლიას" გვერდზე. იქ პატარა 
ხელოვნური ტბა არის. ბნელი ადგილებია... მე ზუსტად ვიცი, ისინი ბევრნი
ყოფილან იმ დღეს... არ ვიცი, როგორც გავრცელდა - ფული არ ჰქონიათ და
ნდომებიათ ბარში ჯდომა თუ რაღაც...

გიორგი რომ დიდი ფულის პატრონი არ იყო, ალბათ, ეცოდინებოდათ, მაგრამ
გიორგის ჰქონდა საკმაოდ ძვირადღირებული ფოტოაპარატი, რომელიც
ყოველთვის თან დაჰქონდა.


შვილის დაბადებამდე სამი დღით ადრე იყიდა აპარატი. ჩემი შვილი რომ გაჩნდება,
არ მინდა ვინმეს ვემათხოვრო ფოტოაპარატი. ზუსტად ვიცი რა დაინტერესებისთვის
იყიდა. იყიდა იმისთვის, რომ საკუთარი შვილის ყოველი ნაბიჯი დაეფიქსირებინა.
საკუთარ შვილს, როგორც პაპარაცი ისე დაჰყვებოდა... თბილისში რომ ჩამოდიოდა,
ჩემს შვილსაც უღებდა სურათებს, დისშვილებს უღებდა სურათებს, უყვარდა
ეს ფოტოაპარატი.

_ ფული?

_ გიორგის ფული... ზუსტად ვიცი 10-15 ლარი ედო ჯიბეში. ოჯახის წევრებიდან,
მეუღლიდან, დედაჩემიდან ვიცი, რომ გიორგის ფული არ ჰქონდა. არ იყო ის
პერიოდი, ხელფასი აღებული რომ გაქვს და ფული გიდევს.

...ალბათ გაიტყუა. გიორგიმ ალბათ ეტყოდა, რომ ფული არ ჰქონდა, მერე წავიდოდა
იქ ლაპარაკი - თუ ფული არ გაქვს, მოიხსენი ეს ბეჭედი, ფოტოაპარატიო. რა თქმა
უნდა ამას გიორგი არ დათანხმდებოდა. გიორგი ხელს არ დაარტყამდა ადამიანს,
მაგრამ შეიძლება ერთი სიტყვით ისეთი რაღაც ეთქვა, გაანადგურებდა.

ის ადამიანი... როდესაც მასზე ვსაუბრობ, მაპატიეთ ამისთვის, მაგრამ ყველა იხსენებს
როგორც "ხისთავიანს". მან ვერ "მოუჯოკრა" გიორგის სიტყვა-პასუხით. მისთვის
ადვილი იყო დარტყმა.

_ თქვენ რამე იცით მათ შორის მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით?

_ რომ დაარტყა, გიორგი დაეცა... ჩვენ ასე ვიცით, გიორგიმ უთხრა ეს რა გამიკეთე
შენი დედა... თუ შეაგინა. როგორც ვიცით, იქ გიორგი გაითიშა, გონება დაკარგა.
პირველად კბილებში ჩაარტყა და მერე გაითიშა. ზუსტად ვიცი ამაზე გამწარდებოდა,
კბილებს ისე უვლიდა, არ ვიცი... შემდეგ სახეზე, თვალზე აქვს დარტყმული...

_ ხომ არ იცით, რას ამბობს ეჭვმიტანილი?

_ ახლა იძახის რომ შემოაკვდა. მან კვალის დასაფარად აბსოლუტურად ყველაფერი
გააკეთა: გახადა ტანსაცმელი, გაძარცვა... ნივთები ყველაფერი ნაპოვნია... ჩვენ
გვეუბნებიან, რომ როცა გიორგი იპოვეს, ეცვა მხოლოდ ტრუსი, რომელშიც ქვები
ედო იმისთვის, რომ წყალში კარგად ჩაძირულიყო. ესეც ხომ გამიზნულად არის
გაკეთებული და არა შემთხვევით?! როდესაც ადამიანს მოკლავ, გაძარცვავ,
რამდენიმე კილომეტრზე ათრევ... სახე მთლიანად ატყავებული აქვს, თითები
ამოჭმული. წარმოიდგინეთ... არ გინდა ამის მოფიქრება?! ჩემს თვალში ეს ადამიანი
ვამპირია. ისეთ ადგილას ჩააგდო, სადაც მდინარე ენგური ზღვას უერთდება. იქ ისეთი
ადგილია, შეიძლება გვამი ვერასდროს ვერ იპოვო. კვალის დასაფარად გამიზნულად
ჩააგდო. რატომღაც იფიქრა, რომ ვერასდროს ვერავინ ნახავდა...

_ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ამის შესახებ იცოდა ვინმემე?

_ მისულია ტაქსის მძღოლთან, დაცვის პოლიციელთან, რომელიც გაქცევაში
დაეხმარა. უთხრა, კაცი მოვკალიო, იმან კი გააქცია აფხაზეთში. როგორც ჩვენ
ვიცით, ტაქსის მძღოლი თვითონ მივიდა პოლიციაში და განაცხადა.

_ რამე ხომ არ დაიკარგა გიორგის ნივთებიდან?

_ გიორგის არ უკეთია თავისი ჯვრისწერის ბეჭედი. დარწმუნებული ვარ, ის რომ 
გადავიდა აფხაზეთში, თეთრი არ ჰქონია, ბიძასთან არის მისული ამ ტაქსისტთან და
პოლიციელთან ერთად, 40 ლარი აქვს გამორთმეული ბიძამისისთვის - ტაქსის
მძღოლისთვის ხომ უნდა მიეცა ფული?! ბიძამისისთვის უთქვამს, ფული მომეცი,
თორემ მოგკლავო. პოლიციელისაც ასე უთხრა – გადამიყვანე, თორემ შენც 
მოგკლავო. გადაიყვანა და როგორც ჩვენ ვიცით, გიორგის ყველა ნივთი ჩააბარა
ამ პოლიციელს.ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, ეს ბეჭედი წაიღო აფხაზეთში.
ალბათ 20 ლარად გაყიდა და მიჰყიდა ვიღაცას.

გიორგიმ სპეციალურად ჯვრისწერისთვის დაამზადებინა ბეჭედი და ზედ აწერია –
გიორგი, გიორგის მეუღლის ბეჭედს აწერია _ რუსკა. ძალიან მწყდება გული.

ძალიან მინდა, ჩემი დიდი სურვილია, თუ მართლა ვინმეს მიჰყიდა ეს ბეჭედი, ფულს
გადავუხდი და დამიბრუნოს, ვთხოვ! ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია... ასეთი
თავზარდამცემი ამბის შემდეგ, ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ეს ბეჭედი
დაგვიბრუნდება. პირადად მე შევისყიდი ჩემი ძმის ბეჭედს.

_ ხომ შეიძლებოდა ბეჭედი ზღვაში დაკარგულიყო?

_ იცით, თითები ისე ჰქონდა მიცვალებულს... იმ დღეს ზღვა იყო მშვიდი და არ 
არსებობს, ზღვას მოეხსნა. არ ყოფილა მცდელობა, თორემ თითსაც მოხერხავდა
ბეჭედი რომ წაეღო.. იქ, სადაც ადამიანმა ფოტოაპარატი და ბოტასები წაიღო,
ბეჭედს ნამდვილად არ დაუტოვებდა. ზუსტად ვიცი რომ წაღებული აქვს.

_ თქვენი აზრით, ძარცვის მიზნით მოხდა მკვლელობა?


_ მეტი სხვა მოტივი არ არსებობს. სისულელეა, რაში აწყობდა გიორგის
სიკვდილი?!  მეკითხებიან, ძველი ამბები ხომ არ იყოო... რა ძველი ამბები უნდა
ყოფილიყო, როცა ადამიანს არც კი იცნობდა?!

გიორგის მტერი არ ჰყოლია. ჩემი გაზრდილია, ექვსი წლით ვარ უფროსი. ერთი 
პროფესია გვაკავშირებს. ჩემი მეგობრები გიორგის მეგობრები არიან. ჩვენ ერთ
წრეში ვტრიალებთ. მე ასე ვთვლიდი, რომ გიორგი იყო ჩემი ტყუპისცალი. ძალიან
მიჭირს ამის გადატანა. ბოროტი არ ვარ, ჩემს ოჯახს არასდროს უფიქრია ვინმეზე
ცუდი, მაგრამ არ მინდა ჩემი ძმის მკვლელმა გაიხაროს. ზუსტად ვიცი მაქსიმალურად
დაისჯებიან. დედამისი დარბის ადვოკატებთან, მაგრამ ვერ პოულობენ. ხუთი
ადვოკატიც რომ  აიყვანონ, მაინც არაფერი უშველის. რამ უნდა შეუმსუბუქდეს -
ადამიანი აწამა. მე  მინდა, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. ის
საზოგადოებისთვის საშიშია, შეიძლება გამოვიდეს და სხვაც ჩააგდოს იგივე დღეში,
ორმაგად გაბოროტებული გამოვა, კიდევ მოკლავს ადამიანს. სხვა ვერსია არ არსებობს. იმას, როდესაც გიორგიმ უთხრა "შენი დედაც..." გადაეკეტა. რატომ გაიტყუა?! რატომ ენდო გიორგი და რატომ გაჰყვა, ამას
ეს ნამდვილად არ ვიცი. პოლიციიდან ვიცით, რომ როდესაც გიორგის ურეკავდნენ,
ის უკვე მოკლული ჰყავდა და ეს გადასული იყო აფხაზეთისკენ. მერე დაშალა \
მობილური და განმუხურის ხიდის ქვეშ გადმოაგდო.

_ ამბობენ რომ ციხეში მუშაობდა...

_ მუშაობდა თუ არა, არ ვიცი; მაგრამ, ჩვენც გავიგეთ ციხეში ჰყავდათ, პატიმრებს
რომ სცემს...…

_ მედია საშუალებით ვნახეთ ცობეხიას დედამ აფხაზეთში გაქცეული შვილი უკან
რომ დააბრუნა. თქვენი აზრით, რატომ დაბრუნდა ეჭვმიტანილი, როდესაც შეეძლო
აფხაზეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ ყოფილიყო?

_ ეს არის დიდი სისულელე. დედამ შეიქმნა ისეთი იმიჯი, რომ ტირის. ჩემთვის 
ძალიან მიუღებელი იყო ეს კადრი. არ ვიცი ვინ გააკეთა. ძალიან გავმწარდი ამაზე.
არის კადრი, სადაც ტირის გამწარებული დედაჩემი და მერე გვაჩვენებენ ტირის
დედამისი. დედაჩემის ტირილი და იმის დედის ტირილი არ უნდა შეადარო. არაფერი
არ ჩაუბარებია დედას, ეს ყველაფერი გააკეთა პოლიციამ. სამართლდამცავებმა
ორ დღეში გახსნეს საქმე და ამისთვის დიდი მადლობა მათ.

_ როგორც ჩვენთვის ცნობილია, გიორგი პროექტზე მუშაობდა. რას აპირებთ ამ
პროექტთან დაკავშირებით?

_ ჩემი ძმა ჩემი მრჩეველი იყო. არც ერთ ნაბიჯს ჩემი ძმის გარეშე არ ვდგამდი. ძალიან 
გამიჭირდება ჩემი ძმის გარეშე.

რა თქმა უნდა გავაგრძელო მისი დაწყებული საქმე. გიორგის ჰქონდა პროექტი, 
შევპირდი და აუცილებლად უნდა გავაკეთო. ეს არის 12 ქვეყნის "იავნანას" პროექტი.
გიორგის უნდა მივუძღვნა ეს საღამო.. სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, სულ რომ
მოვკვდე, ეს უნდა გავაკეთო.

რისთვის მოკლა ადამიანი?! რომელი საუკუნეა _ ფოტოაპარატის და ფულის გამო?!
ეცემა, მიეგდო, მაგრამ როგორ აწვალა... გიორგის წყალი არ ჰქონდა გადაყლაპული _
როგორც ჩანს, როდესაც წყალში ჩააგდო, ის უკვე მკვდარი იყო. მოკლა ადამიანი და
იცით მერე რას ჰყვება?! კისერი ასე მოვუგრიხეო, ტკაცანი რომ გაადინა, მივხვდი,
რომ გადავუტეხეო... წყალში რომ ჩავაგდე, მახსოვს, ერთი რომ გაფართხალდაო....
ამას ჰყვება სრული ბედნიერებით...



Комментариев нет:

Отправить комментарий