15.07.2011



მომავალი სამი წელი არჩევნებით ვიცხოვრებთ...
,,...ვაი,დედოფალ,

ვაი, დედოფალ,

ვაი, დედოფალ...

ტყემლების ბრალი!“

მომავალი სამი წელი საქართველო საარჩევნო მარათონის რეჟიმში იცხოვრებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში, ერი და ბერი პოლიტიზირებული იქნება. პატარა საქმე არ არის–ჭკვიანი კანონმდებლები აირჩიო პარლამენტში, მერე საქართველოს ახალი პრეზიდენტი უპოვო და ასე, საქვეყნო პოლიტიკურ ომში დაღლილი, სახლში დაბრუნდე და აქ, ადგილზე, ადგილობრივი საკრებულო და ხელისუფლება ,,დაალაგო“. მიმიხვდით ალბათ–2012 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ელოდება, 2013 წელს–საპრეზიდენტო, 2014 წელს–ადგილობრივი თვითმმართველობის. /2012 წელს აჭარელები ადგილობრივ მთავრობასაც აირჩევენ ავტონომიაში/. უექსპერტებოდაც, რიგითმა მეისტორიემაც კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ამდენი არჩევნები. რას ნიშნავს და ბევრ ტალახს, თითის გაშვერას, შენ ვინ ხარ–მე ვაროს, დაპირებებს, გაუთავებელ შეხვედრებს, დებატებს, შოუებს, დაფინანსებებს, გრანტებს... და ეს ყველაფერი ,,მოსულა“ , თუ გვექნება მშვიდობა, თორემ მსგავსი ზემოთთქმული ბატალიები ქართველის ხასიათის ნაწილია და გავუძლებთ. ასეთებისთვის გაგვიძლია? რევოლუციების სცენარების ავტორები გვყავს, ათეულობით...
როდის დაიწყება არჩევნებისთვის სამზადისი?
ზოგმა პოლიტიკოსმა გადააბა, ზოგმა–გამოიძინა, ზოგი–ახალი ნახტომისთვის ემზადებოდა, ერთი სიტყვით, კულუარებში პოლიტიკური ტემპერატურა არ დაწეულა, მაგრამ საარჩევნო კამპანიას აშკარად ვერც ვერავინ დაიწყებს, რადგან... რადგან საარჩევნო კანონში ჯერ ცვლილებები არ არის დაზუსტებული...
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გუშინ ზუგდიდს ესტუმრა. /ცსკ ყველა რეგიონში ჩადის/ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, სადაც წესით, შეხვედრის ჩატარებაზე არც უნდა დათანხმებოდა და ეს თვითონაც ეხამუშებოდა, რადგან ცსკ მიუკერძოებელი ორგანიზაციაა და სწორედ რომ ნეიტრალურ ზონაში, სულაც საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომათა დარბაზში უნდა მიეღო პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები, მაგრამ, ეტყობა, მასპინძლებმა იფიქრეს– ამდენ ხალხს საოლქოში ვერ დავატევთო და მუნიციპალიტეტის გამგეობის გრილი, სუფთა და სასიამოვნო დარბაზი არჩიეს სტუმრის მისაღებად, არადა... არადა, შეხვედრა ხალხმარავლობით არც გამოირჩეოდა. ჩემს გვერდით, დარბაზში, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი მაკა კოდუა იჯდა, რომელმაც შენიშნა, ბოლო წინასაარჩევნო შეხვედრაზე სულ ცოტა 80 მონაწილე მყავდა და ამ შეხვედრაზე საზოგადოება ძალიან ძუნწად არის წარმოდგენილიო. არაუშავს, ეს ვფიქრობ, იმის ბრალია, რომ ვიღაცეებს ალბათ, 2012 წლის გაზაფხულამდე, ე.ი. სამწლიანი საარჩევნო სერიის პირველ სერიამდე, ეტყობა, ძალიან შორი ეჩვენება და ამჯერად, ხარატიშვილთან შეხვედრაზე მოსარბენად თავი არ შეიწუხა.
ამას არც ცსკ–ს წარმომადგლებისთვის შეუშლია ხელი, სრული პრეზენტაცია გაეკეთებინათ, თუ როგორ აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგიონებში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. მერედა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქვეყნის ცხოვრებაში თუ რომელიმე მოვლენის განვითარებისას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება რეგიონებს, ეს არის არჩევნების დროს. ყველა პოლიტიკური პარტია რეგიონებში უფრო ადვილად მანიპულირებს, ვიდრე დედაქალაქში და ეს წინა არჩევნებმაც გვიჩვენა.

ცსკ-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა შეხვედრაზე განმარტა, რომ უპირველესია არჩევნებს ამომრჩეველთა დაზუსტებული სიებით შევხვდეთ,–სირთულეები ზოგიერთ სოფელში მისამართების არარსებობით არის გამოწვეული. დევნილთა გადამისამართებამაც ამომრჩეველთა სიებში ბევრი უზუსტობა შექმნა. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შეხვედრების უკეთ ორგანიზებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს რეგიონებში რესურსცენტრების გახსნას, სადაც ზურაბ ხარატიშვილის თქმით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით დაინტერესებულ ნებისმიერ მოქალაქეს არასაარჩევნო პერიოდშიც ექნება ინფორმაციის მიღების საშუალება, არჩევნებამდე პერიოდი მოხმარდება სწავლებას, ელექტორატის განათლებას, ჩატარდება სემინარები, ტრენინგები. არასამთავრობოებისათვის გაიცემა გრანტები ამომრჩეველთა საარჩევნო ცოდნის ასამაღლებლად. ცსკ–ში შექმნილია მედიასთან თანამშრომლობის საინტერესო სისტემა. დავუკავშირდებით და შევხვდებით ადგილობრივ მედიას და შევისწავლით, თუ რა სჭირდება მას წინასაარჩევნო და საარჩევნო კამპანიების გასაშუქებლად.
ერთი სიტყვით–ბატონი ხარატიშვილი განწყობილია თანამშრომლობისთვის პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან და ბევრი წააგეს მსგავსი ორგანიზაციების იმ წარმომადგენლებმა, ვინც ამ შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყვნენ და არ მობრძანდნენ. მაგრამ, ეს არ არის, რა თქმა უნდა, დასასრული,–საქართველო სამწლიანი არჩევნებისთვის ემზადება და მათ არაერთი მსგავსი შეხვედრა ელოდებათ. მე კი, რატომაღაც, ეს ყველაფერი წაღიღინების ხასიათზე მაყენებს–
,,ვაი, დედოფალ, ვაი, დედოფალ, ვაი, დედოფალ... ტყემლების ბრალიიიი“...

Комментариев нет:

Отправить комментарий