09.08.2012

ზურაბ კვარაცხელია – აგვისტოს ომის მონაწილე რეზერვისტი

დილის 4-5 საათი იქნებოდა, ჭიშკრიდან ვიღაცის გამეტებულმა ძახილმა რომ გამაღვიძა. როცა გავიხედე, ერთი ჩემი ნაცნობი აღმოჩნდა. ხელში გაწვევის ფურცელი მომცა და მითხრა, ომის საშიშროებამოახლოებულ საქართველოს შენისთანა ბიჭები ჭირდება და როგორც რეზერვისტი და რეზერვგამოვლილი, დილით 9 საათზე გამოცხადდი, გადამზადებები უნდა გაიაროთ და რუსებს ვაჩვენოთ, თუ როგორი ჯარი გვყავსო.

 არც კი დამიწუწუნია, ისე გამოვცხადდი. დიდი მობილიზაცია იყო. რეზერვისტებს ოჯახის წევრები და ახლობლები აცილებდნენ. მე წინასწარ არავის გავუფრთხილებივარ. ჩემი მშობლები სოფელში იყვნენ, ამიტომ მარტო ძმამ გამაცილა. ჩაგვსვეს ავტობუსებში და სენაკის სამხედრო ბაზაზე წაგვიყვანეს. მშობლებს კი ეს ამბავი ტელეფონით გავაგებინე. ძალიან ინერვიულეს...სენაკის ბაზაზე 1-2 საათი დავყავით. ყველას ფორმები და იარაღები დაგვირიგეს და აგვიხსნეს, რომ ჩვენი მოვალეობა იყო დაკავებული და აღებული ტერიტორიების დაცვა და პატრულირება. მეტი რა უნდა გვეკეთებინა, ბიჭებმა ნორმალურად იარაღის გამოყენებაც არ ვიცოდით. ავტობუსებში ჩაგვსვეს და გორისკენ დავიძარით. დაახლოებით 20-30 ავტობუსი იქნებოდა. ჩვენი გასვლიდან მალევე დაბომბეს სენაკი. იქ იყო მსხვერპლი და იყვნენ დაჭრილებიც... ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდით რა უნდა გვეკეთებინა, დაბნეულები ვიყავით. უფროსობაც სულ ვიღაცის ზარს ელოდებოდა.პირველივე დღეს მამა ილიამ დამირეკა, გამამხნევა და მითხრა, – კაცი, რომელიც სამშობლოს შეეწირება, სასუფეველში მოხვდებაო...გორში უნდა შევსულიყავით, როცა ვიღაცამ დარეკა და უკან დახევა ბრძანა. თქვეს, რომ სადმე ისეთ ადგილას დავმალულიყავით, სადაც თვალში ვერავის მოვხვდებოდით. ღამე ღია ცის ქვეშ გავატარეთ, თერჯოლასთან ახლოს. გაურკვევლობაში მყოფებმა იქ ორი დღე დავყავით. ზოგიერთი იმ აზრზე იყო – აქ რომ ვზივართ, ომში მაინც წავიდეთ, რამეში მაინც გამოვადგებით ჩვენებსო. თუმცა, როცა ცაზე გამანადგურებლები გამოჩნდნენ, ყველას, მათ შორის უფროსობასაც სახეზე ბინდი გადაეკრა, შიშმა იჩინა თავი. ვერავინ იგებდა რას ბომბავდნენ. ყველა სენაკისკენ იშვერდა ხელს.როცა გათენდა, ბიჭები უკვე სახლში დაბრუნებას ფიქრობდნენ, ბავშვებს და ქალებს მაინც დავიცავთო. უფროსობას რამეს რომ ჰკითხავდი, ხმამაღალი, შეშინებული ხმით გპასუხობდნენ, ზარს ველოდებით და ყველაფერს გეტყვით, თუ რამე ახალი იქნებაო. ჩვენ კიდე ჩვენების ამბავი გვაინტერესებდა, მაგრამ უკვე სატელეფონო კავშირები შეუძლებელი იყო.მეორე დღემაც ასე გაურკვევლობაში ჩაიარა, თუმცა რუსული გამანადგურებლების ხმა მაინც ისმოდა ხოლმე. შუადღეს ერთ-ერთმა უფროსმა ისიც კი თქვა, ცხინვალი ავიღეთ და იქ უკვე ქართული ჯარები არიან განლაგებულიო. გახარებულები ვიყავით. ცოტა ხანში შეგვკრიბეს ყველანი და გვითხრეს, აქ საშიშროება გემუქრებათ, რუსებმა სენაკი და გორი დაიკავეს და სადმე მიყრუებულ ადგილას უნდა გადავიდეთო.სადღაც, აბაშის სიახლოვეს, ნაკრძალში გადაგვიყვანეს, სადაც ღამე დავრჩით და უკეთესი დღის მოლოდინში ვიყავით. გამთენიისას ჩვენს თავზე სამმა გამანადგურებელმა გადაიფრინა და ცოტა მოშორებით ჩამოაგდეს ჭურვები. ეს უკვე იმის ნიშანი იყო, რომ რუსები არ გაჩერდებოდნენ. ჩვენ კი იმდენად გამოუცდელი ჯარისკაცები ვიყავით, ერთმა თქვა, ავტომატით ვერ ჩამოვაგდებთ მაგ გამანადგურებელსო?.. ზოგს ეცინებოდა მის ნათქვამზე, ზოგიერთი კი ფიქრობდა, რომ მართლა შესაძლებელი იყო ეს.თავდაპირველად ამერიკული საჭმლებით ვიკვებებოდით. მერე მოსახლეობას მოჰქონდა ჩვენთან რაღაცები, ტომრით ხილი. ერთხელ ძალიან მოგვშივდა და სამი რეზერვისტი ახლოს მცხოვრებ ოჯახს მივადექით. გაგვიმასპინძლდნენ. საჭმლებიც გამოგვატანეს, ბიჭებს წაუღეთო.როცა ბიჭებმა გააანალიზეს, რომ მტერი უკვე ახლოს იყო, ფორმების გახდა და შინ წასვლა დაიწყეს, თავიანთი ოჯახების დასაცავად. ამის შემყურე უფროსობამ ყველანი შეგვკრიბა და გვითხრა, ვისაც წასვლა უნდოდა, წასულიყო, ხოლო ვისაც დარჩენა – დარჩენილიყო, მაგრამ დარჩენილებს ომში ჩაბმა მოუწევდათ. აქ უკვე ყველა საფიქრალში ჩავარდა, ზოგს გმირობა წყუროდა, ზოგი საღი გონებით ამბობდა, რომ ჩვენ ვერ ვიომებდით, რადგან ომის არაფერი გაგვეგებოდა და ელემენტარული თავის დაცვა არ შეგვეძლო. ბევრმა დარჩენა გადავწყვიტეთ, იმათ, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავდათ და დედისერთები იყვნენ, წასვლას ვთხოვდით, ცრემლიც ბევრი იყო. ზოგმა უკმაყოფილებაც გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, – რომ მიდიხართ, ბიჭებს აქ გვტოვებთო?ამ საუბარში ვიყავით, როცა მეთაური მოვიდა და გვითხრა, ყველანი სახლში წადით, ომი დამთავრდაო. იმდენად დავიბენით, არც გაგვიხარდა, თუმცა იმას მივხვდით, რომ ჩვენი ქვეყანა დათმობაზე წავიდა, ან ასეთ დიდ ძალასთან რას გახდებოდა.სახლებში რომ მოვდიოდით, გზადაგზა დაბომბილი ბაზა ვნახეთ, ერთ-ერთ სოფელში ჩამოგდებულმა ჭურვმა ძმები იმსხვერპლა. ხალხს განადგურებული და გამწარებული სახე ჰქონდა როცა ჩემს ქალაქში შემოვედით, ქალაქი დაცარიელებული იყო, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ჩანდა, რუსულ ტანკებს და შეიარაღებულ რუს ჯარისკაცებს თუ ნახავდი მხოლოდ...დღემდე მომყვება ამ სიცარიელის შეგრძნება, თუმცა არც იმის იმედი მტოვებს, რომ მალე ერთიან და მშვიდობიან ქვეყანაში ვიცხოვრებთ


Комментариев нет:

Отправить комментарий