01.03.2012

კამპანიის “ეს შენ გეხება“ ფარგლებში ვებ-გვერდი ამუშავდა


არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ თებერვალში დაწყებული კამპანიის “ეს შენ გეხება“ ფარგლებში სპეციალური ვებ-გვერდი ამუშავდა.
კამპანია მიზნად ისახავს, მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და კონკურენტუნარიანი, ამომრჩევლებისათვის მისაღები წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

ვებგვერდი http://esshengexeba.ge აშუქებს კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს, აქვეყნებს ექსპერტების მოსაზრებებს.
კამპანიის დაწყება 2011 წლის დეკემბრის ბოლო დღეებში მიღებულმა კანონმდებლობამ განაპირობა. კერძოდ, პარლამენტის მიერ „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, ასევე საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების აზრით, მნიშვნელოვნად აუარესებს წინასაარჩევნო გარემოს. მიღებული ცვლილებები, თავისი არსით, კარდინალურად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს საარჩევნო გარემოს და კანონმდებლობის გაუმჯებესების, ამ კუთხით დემოკრატიული პროცესების განვითარების თაობაზე.
კამპანიის ორგანიზატორები იმოწმებენ იურისტების მოსაზრებასაც. იურისტების აზრით, ბუნდოვანი საკანონმდებლო რეგულაციები არ უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს პოლიტიკური სუბიექტებისათვის. რაც ყველაზე მთავარია, ზედმეტად „გამკაცრებული“ სანქციებით საფრთხე ექმნებათ რიგითი ამომრჩევლებსა თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, კამპანიის ორგანიზატორებმა პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებები წარუდგინეს. დოკუმენტის საკომიტეტო მოსმენა ჯერ არ მომხდარა. პარლამენტს ასევე გადაეცა პეტიცია. ხელმომწერები: არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და რიგითი ამომჩევლები, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვენ. პეტიციაზე ხელმოწერები ახლაც მიმდინარეობს.
ხუთშაბათს დაგეგმილია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის შეხვედრა კამპანიაში ჩართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან.



Комментариев нет:

Отправить комментарий