07.03.2012

ზუგდიდის ბაღებზე მონიტორინგის ყველაზე მძიმე, ცუდი, კარგი და დამაკმაყოფილებელი შედეგები


07.03.2012
ავტორი: ნინო თოლორაია

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტერესებისთვის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 30 სახელმწიფო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. 2011 წლის ნოემბრის თვიდან წარმოებული კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ქალაქის 15 და ამდენივე სოფლის ბაღში, მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა. დაკვირვების დროს, რომლის მიზანი იყო გაერკვია, რამდენად შეესაბამებიან საქართველოში რეკომენდირებულ სააღმზრდელო ნორმებს და სტანდარტებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბაღები, კვლევის ავტორებმა განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის და შეფასების ცენტრის მიერ შემუშავებული, მოწოდებული მასალებით იხელმძღვანელეს.
ორგანიზაციამ დადგენილი ნორმების თანახმად განიხილა სკოლამდელ ობიექტებში საგანმანათლებლო, მატერიალურ-ტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ჩაიწერა ინტერვიუები ადგილობრივ მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიმღებ, ან კომპეტენტურ პირებთან, ბაღის გამგეებთან და აღმზრდელებთან. საგანგებო კითხვარების დახმარებით გამოვლინდა მშობლების აზრი, რითაც იდენტიფიცირება მოხდა და განისაზღვრა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სტრუქტურა საერთო მდგომარეობის მიხედვით.
ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში სქემის სახით ვკითხულობთ, რომ შემთხვევით შერჩეული 30 ბაღის შენობა-ნაგებობების მხოლოდ 8%-ს თანაბრად ეკუთვნის კარგის და ძალიან ცუდის სტატუსი, საშუალო მაჩვენებლით 40% შეფასდა, ცუდით კიდევ 44%. რაც შეეხება ბაღების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობას, მონაცემების თანახმად, მწვავე დეფიციტია 60 პროცენტში, საშუალო 18%, დამაკმაყოფილებელის პროცენტული მაჩვენებელიც ამ უკანასკნელის იდენტურია, კარგით კი მხოლოდ 4% განისაზღვრა. სკოლამდელ დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ყოფა მონიტორინგის მიხედვით, არადამაკმაყოფილებელია 16%-ში, საშუალო მდგომარეობაა ამ მხრივ 47 ბაღში, კარგით და ძალიან კარგით 26 და 11 პროცენტი შეფასდა.
ოთხი თვის განმავლობაში წარმოებული კვლევა, ასევე მოიცავს სრულყოფილი საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას საბავშვო ბაღებში. ამ მხრივ ძალიან კარგი მდგომარეობაა ბაღების 5%-ში, კარგი 18%-ში, საშუალო 9%, ძალიან ცუდი კი 68%-ით განისაზღვრა. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში მონიტორინგის თანახმად, ფიზიკური განვითარების შესაძლებლობას კარგად მხოლოდ 10% იძლევა, საშუალო მაჩვენებელი აქვს ბაღების 11%-ს, ცუდი 35%-ს, ძალიან ცუდი მდგომარეობა კი ობიექტების 44%-შია. რაც შეეხება უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობას, შესაბამის სტანდარტებთან მიახლოებული გარემო მხოლოდ 5%-ს აქვს, საშუალოდ დაცულია ბავშვი ბაღების 11%-ში, ცუდი და ძალიან ცუდის სტატუსით კი შენობების 44% და 40% განისაზღვრა. ამასთან, კვლევაში ნათქვამია, რომ კადრები ძალიან ცუდი 53%-შია, ცუდი 26%-ში, საშუალო 11%-ში, კარგი კი მხოლოდ 10%-ში.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლელა გრიგოლაია მონიტორინგის შედეგებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის ბაღების 68%-ში სასწავლო პროცესის „ძალიან ცუდის“ ნიშნით შეფასება მიუღებელია, რადგან ციფრი კვლევის მიხედვით მეტყველებს, რომ ფაქტობრივად სწავლა ამ დაწესებულებებში არ მიმდინარეობს. რაც, მისივე თქმით, სიმართლეს ძნელად შეესაბამება. ლელა გრიგოლაიას შეფასებით, დასკვნა არასპეციალისტის მიერ არის მომზადებული, რადგან საამისოდ საჭიროა კვლევის ხელმძღვანელი ღია გაკვეთილებს, ღონისძიებებს დაესწროს და შეფასებისას მხოლოდ თვალსაჩინოებების, ეროვნული პროგრამის წიგნების მიხედვით არ იხელმძღვანელოს. იგი ამბობს, რომ 2000 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოებში მასალა მწირია, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით სწორედ ამ წიგნებით უძღვებიან სასწავლო პროცესს. ლელა გრიგოლაიას თქმით, გამოცემები „სარეკომენდაციოა, რომელსაც ბაღის მასწავლებელი სურვილის შემთხვევაში გამოიყენებს“. მისივე ინფორმაციით, პედაგოგები რამდენიმე წლის წინ გადაამზადეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საგანმანათლებლო პროცესი „კარგია“.
ადგილობრივი საკრებულოს სოციალური, განათლების, ჯანდაცვის, კულტურის და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე რევაზ ხაინდრავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ „პირველი ეტაპი ბაღების განვითარებისთვის შესაბამისი ობიექტების გახსნა იყო“, დღეს მისივე თქმით, საზრუნვია სკოლამდელ დაწესებულებებში „ინფრასტრუქტურის მოგვარება“, ხოლო მესამე ეტაპი, როგორც კომისიის თავმჯდომარე ამბობს, „აღმზრდელ პედაგოგთა ატესტაცია იქნება, გარკვეულ სტანდარტებს რომ უპასუხონ“.
„ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის საკრებულოში, გიორგი ალასანიას თქმით, შეიძლება ვიღაც არ ეთანხმებოდეს იმ კრიტერიუმებს, რომლითაც კვლევის ავტორებმა მონიტორინგის დროს იხელმძღვანელეს, ამიტომ თანამშრომლობაა აუცილებელი. ბაღებში სპეციალისტების დეფიციტი კი მისივე თქმით, მხოლოდ რეგიონის პრობლემა არ არის, რადგან „მოიშალა სამსახური“, რომელიც კადრების მომზადებას უზრუნველყოფდა.
ორგანიზაცია „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტერესებისთვის“ წარმომადგენელი, გურამ ჩიხლაძე „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ მონიტორინგის თანახმად, დამაკმაყოფილებლად შეფასდა კვება, შეშით უზრუნველყოფა და სოციალურად დაუცველთათვის ბაღების ხელმისაწვდომობა. თუმცა მისივე თქმით, ძალიან ცოტაა სკოლამდელი დაწესებულებები, სადაც სათამაშოების, მუსიკალური ინსტრსუმენტების, საძინებლების, ინვენტარის, თვალსაჩინოებების მხრივ მდგომარეობა აკმაყოფილებს ნორმას და სტანდარტებს. რაც შეეხება საგანგებო კითხვარს, რომელიც მშობლებს დაურიგდათ კვლევის ფარგლებში, გურამ ჩიხლაძე ამბობს, - გაირკვა, რომ ბაღებს ოჯახებისთვის სოციალური დაწესებულების ფუნქცია მეტად აქვთ, სადაც ბავშვებს დროის უქონლობის საბაბით მიაბარებენ, ვიდრე საგანმანათლებლო დანიშნულება. მისივე თქმით, მოუცლელი მშობლებისთვის კი „გამოთავისუფლებული საათები“ ამ გზით, კარგი საშუალებაა.
„მშობლებმა იციან, რა მდგომარეობაა იმ სააღმზრდელო დაწესებულებებში, სადაც ბავშვები დაჰყავთ, მაგრამ ამბობენ, რომ მწირი ბიუჯეტის მიზეზით იმაზე მეტს, რაც არის, ვერ მოითხოვენ“, უთხრა „ლაივპრესს“ გურამ ჩიხლაძემ.
მშობლების მწირ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში ლელა გრიგოლაიაც ადასტურებს და ამბობს, რომ ბავშვის მეურვეების დაახლოებით 40%-ის ბაღი „სამწყემსოა“.
„ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ხელისუფლებას ხშირად მოჰყავს მაგალითად თბილისში ბაღების კერძო სტრუქტურად ჩამოყალიბება, რადგან არ სურს თანხების ბიუჯეტიდან გამოყოფა. გიორგი ალასანიას მტკიცებით, „საზოგადოების დაკვეთაა, სახელმწიფო ბაღებმა იფუნქციონირონ“.
„ახალგაზრდები სამოქალაქო ინტერესებისთვის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ციფრები და პროცენტები, რომლებსაც ანგარიში ასახავს, ცხადყოფს სინამდვილის სტანდარტებთან შეუსაბამობას და არ გულისხმობს „მინუსების აღმოჩენის“ რაიმე სახის მცდელობას. გურამ ჩიხლაძის თქმით, ბაღის შენობები არაა განსაზღვრული და მოუწყობელია განსხვავებული შესაძლებლობების ბავშვებისთვის, რის გამოც ისინი ბაღებში მშობლებს ვერ დაყავთ.
თავის მხრივ, სკოლამდელი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ბაღებს არ ჰყავთ განსხვავებული უნარის პატარები, მაგრამ თუკი მიმართავენ, შეიქმნება „გარკვეული ხარჯთაღრიცხვა და ამ მიმართულებით იმუშავებენ“.
კვლევის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები ცენტრიდანულ ხელმძღვანელობებს გადაეცა, მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ ხარჯები მუნიციპალიტეტების ბიუჯეტს „მძიმედ დააწვა“, რადგან ადგილობრივი შემოსული თანხების 30% სწორედ ბაღების განვითარებას ხმარდება.
გიორგი ალასანიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ სკოლამდელი დაწესებულებების ადგილობრივ ხელისუფლებას დაქვემდებარებამ მუნიციპალიტეტებს დააკისრა ვალდებულება, თავად ეზრუნათ ბაღების განვითარებისთვის. თუმცა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის თქმით, ხშირად ცენტრიდანული მმართველობის მწირი ბიუჯეტის პირობებში მინიმალური თანხის გამოყოფაც ჭირს. გიორგი ალასანია ამბობს, რომ „ამ შემთხვევაში ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკა ბაღების მიმართ“.
„სახსრები ძალიან არაადეკვატურად იხარჯება. რა უფრო ღირებულია - მერაბ სეფაშვილის ჩამოყვანა და კონცერტისთვის 28 000 ლარის დახარჯვა, თუ ამ თანხით სკოლამდელი ობიექტების დახმარება? ის წავიდა და არაფერი არ დარჩა. სარკოზთან შეხვედრაზე ხალხი იძულებით წაიყვანეს, ბათუმშიც დაყავთ მოსახლეობა გასართობად. თუ ხელმომჭირნეობას გამოიჩენენ, დამატებით მილიონის გამონახვაც შეიძლება“, - განაცხადა გიორგი ალასანიამ.
მისი თქმით, სკოლამდელი დაწესებულებათა ცენტრი საკრებულოს სოციალური, განათლების, ჯანდაცვის, კულტურის და სპორტის საკითხთა კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე შემოვიდა წინადადებით თანხების გამოთავისუფლების მიზნით. მათ მოითხოვეს შეეწყვიტათ სახელმწიფო დაფინანსება იმ ბავშვებისთვის, რომელთა ოჯახებმა სოციალური დაცვის სააგენტოდან 57 ათასიდან 70 ათასამდე სარეიტინგო ქულა მიიღეს. თუმცა გიორგი ალასანიას თქმით, ეს საკითხი სხდომაზე არ დამტკიცდა, რადგან მისივე თქმით, წინადადებას მხარი არც ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუჭირეს „მოახლოებული არჩევნების მიზეზით“. ცნობისთვის: საუბარი იყო 28 000 ლარის გამოთავისუფლებაზე.
საკრებულოს სოციალური, განათლების, ჯანდაცვის, კულტურის და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ კვლევის შედეგებს ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა მისი თქმით, მონიტორინგის ავტორებს არ ჰქონდათ „ათვლის წერტილი“, სტანდარტები, რის თანახმადაც დაასკვნიდნენ, რა არის ცუდი, და კარგი. შესაბამისად შეფასებისას სუბიექტური, ინდივიდუალური დეფინიცია წარმოადგინეს მდგომარეობის, რომელიც „შეიძლება ახლოს იყოს ობიექტურთან, მაგრამ არა სრული ჭეშმარიტება“. რევაზ ხაინდრავას თქმით, კვლევის ავტორებს ხელთ არ ჰქონდათ ინსტრუქცია, რომლის საშუალებითაც „პროცენტებს დაადგენდნენ“, რადგან მისი ინფორმაციით, ოფიციალური „დამტკიცებული სტანდარტები საქართველოში არ არსებობს“. რევაზ ხაინდრავა ამბობს, რომ კომისია პერიოდულად ახორციელებდა და ახორციელებს მონიტორინგს სკოლამდელ დაწესებულებებში, მაგრამ დეტალური მოკვლევა, სადაც შენობის ანალიზი, სველი წერტილები, ექსპერტიზის პასუხები და სხვა, კომპლექსურად იყოს მოცემული, არ ჩატარებულა.
„სისტემატურად ვსწავლობთ და ვეხებით ამ საკითხებს, მივდივართ ბაღებში, მაგრამ ბიუჯეტი კვებას, ხელფასებს და მცირე სახის რემონტს ხმარდება. თუმცა ჩვენ მარტო ბაღების საკითხით არ ვართ დაკავებული“, უთხრა „ლაივპრესს“ რევაზ ხაინდრავამ.
მისი თქმით, მოულოდნელი შემოწმებებისას რამდენჯერმე ნახეს, რომ ჰიგიენური ნორმები არ იყო სათანადო, - „ღობე გარღვეული იყო, ეზოში კი ძაღლი დარბოდა“.
კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, შეიქმნება დროებითი შესაბამისი ჯგუფი, რომელიც გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და ბაღებში შექმნილ მდგომარეობას შეაფასებს, თუ სად შეიძლება გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა და რომელი შენობაა ამორტიზებული.
ლელა გრიგოლაიას განცხადებით, კვლევაში წარმოდგენილი ციფრი, რომელიც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობების ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე მეტყველებს, მისაღებია, მაგრამ დასძენს, რომ „არც ასეთი საგანგაშოა ვითარება“. იგი ამბობს, რომ ბაღის გამგეებმა დიდი ძალისხმევით შეინარჩუნეს ის ოთახები, სადაც ბავშვებს ამყოფებენ, მაგრამ შენობებში მცხოვრები დევნილების მიზეზით კანალიზაციის, სველი წერტილების მოწესრიგებას ვერ ახერხებენ.
„დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ბაღების მიმართ მყისიერი გეგმის შემუშავების ილუზია არ მაქვს. მაგრამ, თუ შედგება ეტაპობრივი გეგმა, შეიძლება ძალიან ცუდიდან ცუდამდე დავიყვანოთ მდგომარეობა, მოგვიანებით ცუდიდან საშუალომდე. არის ბაღები, საიდანაც გაიყვანეს დევნილები, სწორედ ამიტომაა საჭირო, მდგომარეობის თავიდან შესწავლა და დადგენა, რისი გაკეთებაა შესაძლებელი“, - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი საკრებულოში, გიორგი ალასანია.
ლელა გრიგოლაიას თქმით, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა იძულებით გადაადგილებულ პირთა ბაღებში ცხოვრების პირობებში, დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება უსაფრთხოებას, რომელზეც კვლევა საუბრობს, სკოლამდელი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ბაღებში დამონტაჟებულია ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები, ბავშვების ავადმყოფობის შემთხვევაში კი მათ ერთი ექიმი ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ იგი სოფლებში მწირი შემოსავლის მიზეზით ხშირად ვერ ახერხებს ჩასვლას, ლელა გრიგოლაია ამბობს, რომ ამბულატორიის ექიმებთან მუდმივი კონტაქტი აქვს. აფთიაქის კუთხის არარსებობის პრობლემა, როგორც ლელა გრიგოლაია ამბობს, მალე მოგვარდება.
მონიტორინგის დასკვნით ნაწილში ორგანიზაცია განიხილავს ცალკეულ რეკომენდაციებსაც, რომელიც საერთო მდგომარეობის მოკვლევის და ანალიზის საფუძველზე შეიმუშავეს. კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბაღებმა დამოუკიდებლად უნდა უზრუნველყონ ურთიერთობა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, ისარგებლონ ავტონომიური უფლებით, რაც ნიშნავს ცენტრალურ და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით იზრუნონ საბიუჯეტოს გარდა, სხვა, ალტერნატიული შემოსავლის წყაროზე. ამას გარდა, ბაღის გამგეებმა ე.წ. „შესაძლებლობების ყულაბა“ მოათავსონ შენობაში, სადაც დაგროვდება ინფორმაცია მშობელთა შესაძლებლობის თაობაზე, რომელსაც სკოლამდელი დაწესებულების განვითარებისთვის გამოიყენებენ. კვლევის ავტორი გურამ ჩიხლაძე ამბობს, რომ საკრებულოს ინიციატივით უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფიც, რომელმაც უნდა შეიმუშავოს გეგმა ბაღების მუშაობის დასახვეწად. „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტერესებისთვის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ სასურველია სკოლამდელი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვაზე ცენტრალურმა ხელისუფლებამ იზრუნოს, თუმცა აქვე დასძენს, რომ საამისოდ გარკვეული ნებაა აუცილებელი.
ორგანიზაციის რეკომენდაციაში საუბარია ასევე, ბაღების განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რომელიც მანამდე არ არსებობდა.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა გრიგოლაიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ბაღის გამგეებს შეუძლიათ ინდივიდუალურად ითანამშრომლონ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და იმუშაონ პროექტებზე, რომლებსაც დაუფინანსებენ.
საკრებულოში ცალკე კომისიის შექმნის რეკომენდაციაზე რევაზ ხაინდრავა ამბობს, რომ „კიდევ ერთი სტრუქტურის შექმნა აუცილებელი არ არის, რადგან ბევრი ორგანოს არსებობა არ ნიშნავს, რომ მუშაობა გაცილებით ეფექტური იქნება.
http://www.livepress.ge/

Комментариев нет:

Отправить комментарий