07.05.2012

ხვალიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 13 ტრაქტორი ამუშავდება

                         ანუ გუთნისდედაზე მოფიქრალნი და თავად გუთნისდედა

 ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის დარბაზში დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე-სოფლად არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს . ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ რუსლან კილასონიამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალურმა ბიუჯეტმა 1 მილიონ 800 ათასი ლარი გამოყო. დისკუსიის მონაწილე „თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ალასანიამ კი შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის დაფინანსების დინამიკა, რომლის მიხედვითაც 2007 წლიდან დღემდე ამ დარგის დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირებულია. სადისკუსიოდ შეკრებილთა ერთმა მხარემ განაცხადა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ, მეორე მხარემ კი მეტის გაკეთება და სოფელში მცხოვრები ადამიანების პრობლემებით უფრო დაინტერესება მოსთხოვა ხელისუფლებას.    რუსლან კილასონიამ გააკეთა განაცხადება, რომ ხვალიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 13 ტრაქტორი ამუშავდება და იმის გათვალისწინებით, რომ ერთ დღეში ტრაქტორს 5 ჰექტარი მიწის ფართობის მოხვნა შეუძლია, სამუშაოები სოფლებში ეტაპობრივად ჩატარდება. სოფლის რეალობა კი ასეთია-მალე გლეხმა შეიძლება მიწის დამუშავებაზე უარი თქვას, რადგან დიდ თანხას ითხოვს ეს პროცესი. ,,ზუგდიდს" გუთნისდედამ უთხრა-,,რა თანხაც ტრაქტორის მომსახურება, თესლი და დათესვა, პირველი გათოხნა, სასუქის შეტანა, მეორე გათოხნა და შემდეგ თუ ბუნებამ ინება, მოსავალი მოიყვანა და მე ჯანმრთელობა მომცა, მისი აღება და დაბინავება დამიჯდება, ასეთ თანხაზე ვერც ვიოცნებებო. თუ ამდენ თანხას ვიშოვი და გავიღებ, რაღა მიწას მივაკლა თავი-ბაზარში ვიყიდი-მეც მეყოფა და საქონელსაც. გარდა ამისა, მეორე პრობლემაცაა სოფელში-მიწის დამუშავება ახალგაზრდებს არ სურთ, მე უკვე ასაკში ვარ და ჯაფით დაზიანებული ჯანმრთელობის აღდგენაც მოგეხსენება როგორი ძვირია". ბებერმა გუთნისდედამ ისიც დასძინა თავის ნათქვამს-ადრე, ასეთ დროს, მიწას ვერ იპოვიდი მოუხნავს და დაუთესავს და სოფელიც ამიტომ იყო მაძღარი და ღონიერიო".  

Комментариев нет:

Отправить комментарий