12.06.2012


“საქართველოს რეგიონული მედია: ადგილობრივი მეთვალყურე ზეწოლის ქვეშ”

Transparency International - Georgia
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 11 ივნისს რეგიონულ მედიაზე ზეწოლის შესახებ ისაუბრა და შესაბამისი კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში სახელწოდებით, “საქართველოს რეგიონული მედია: ადგილობრივი მეთვალყურე ზეწოლის ქვეშ”,  ბოლო პერიოდში ჟურნალისტების დაშინებისა და დევნის, მუშაობაში ხელის შეშლის, მუქარის ფაქტებია ასახული. აქვე მითითებულია, რომ ამ შემთხვევების გამოძება არაეფექტურად მიმდინარეობს. 
„სამართალდამცავ ორგანოებში ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. თუმცა, ჩვენ მოვიკვლიეთ და დავადგინეთ, რომ აღნიშნული გამოძიებების შედეგად იშვიათია ისეთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტების დაშინების, მუქარისა, თუ დევნის გამო ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ყოველივე ეს დაუსჯელობის ატმოსფეროს ქმნის, ანუ ისეთ გარემოს, რომელშიც მედიაზე განხორციელებული შეტევების გამო პასუხს არავის სთხოვენ“, აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა, მათიას ჰუტერმა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონულ დამოუკიდებელ მედია საშუალებებში მომუშავე ჟურნალისტებს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად, თუ მათი რეგიონის განვითარების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად, ხშირად უწევთ ჭიდილი.
რეგიონული მედიის წარმომადგენლები ორგანიზაციასთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ  “ნაციონალური სატელევიზიო არხებისგან განსხვავებით მათ საშუალება არ ეძლევათ, სრულად გააშუქონ რეგიონებში მაღალი დონის ოფიციალური პირების ვიზიტები”. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”  მიერ გამოვლინდა შემთხვევები, როცა დააშინეს მოქალაქეები, “მას შემდეგ, რაც ისინი კორესპონდენტებთან საუბრისას მმართველი ნაციონალური მოძრაობისათვის მიუღებელ აზრს გამოთქვამდნენ. მაგალითად, იყო შემთხვევა კახეთში, როდესაც, სავარაუდოდ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა პირებმა ზეწოლა განახორციელეს იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც თავიანთი მხარდაჭერა ოპოზიციური ლიდერის ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით გამოხატეს”.
მათიას ჰუტერის აზრით, „ამგვარი შემთხვევები მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში კიდევ უფრო გაურთულებს ადგილობრივ ჟურნალისტებს მდგომარეობას და ხელს შეუშლის პოლიტიკურ საკითხებზე  რეპორტაჟების მომზადებაში“.
ანგარიშში “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საქართველოს მთავრობას და რეგიონულ მედიას რეკომენდაციებს სთავაზობს.
“სამართალდამცავმა ორგანოებმა, პროკურატურამ და სხვა შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტების წინააღდეგ დაშინებისა და მათზე თავდასხმის ყველა ინციდენტი სწრაფად და ეფექტურად იყოს გამოძიებული და რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ საკუთარ ქმედებებზე ომბუდსმენის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში”,- აღნიშნულია ანგარიშში  და განმარტებულია, რომ “შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ყველა დონეზე უნდა უზრუნველყონ დაინტერესებული მედიასაშუალებების მარტივი და თანაბარი ხელმისაწვდომობა მაღალი თანამდებობის პირთა და კანდიდატთა მონაწილეობით გამართულ ღონისძიებებზე: ასევე დროულად შეატყობინონ მედია საშუალებებს აკრედიტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნის თაობაზე”.
რეგიონული მედიის მიმართ რეკომენდაციებში კი აღნიშნულია, რომ “რეგიონებში ჟურნალისტებმა უნდა განიხილონ უსარგებლო დაპირისპირებების თავიდან აცილებისა და ადგილობრივი თანამდებობის პირებთან ხშირად საკმაოდ ანტაგონისტური ურთიერთოების დაძლევის შესაძლებლობები. მედია საშუალებებმა უნდა მოიძიონ ახალი გზები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ურთიერთობის მიზნით და შეიტანონ წვლილი მათთან პროფესიული და კონსტრუქციული სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში” და ასევე ”ჟურნალისტები უნდა იცნობდნენ ეთიკურ და პროფესიულ სახელმძღვანელო პრინციპებს, მათ შორის, მაუწყებელთა კოდექსს და ეთიკის ქარტიაში მოცემულ პრინციპებს და მოქმედებდნენ პროფესიული ჟურნალისტური პრინციპების თანახმად”.

Комментариев нет:

Отправить комментарий