14.06.2012

ფრონ ნაზმა სულ ,,კულტურნად უტირა დედა" არასამთავრობოებს


გადაიღეთ ვიდეო... იყავით სკაიპთან... გაგვაგებინეთ, რისი თქმა და გაკეთება გსურთ და მოგცემთ ფულს. ფული არის. მაგრამ თქვენ ვერ ისწავლეთ პროექტების წერა, თქვენ ვერ ისწავლეთ პროექტების განხორციელება-

განაცხადა ზუგდიდის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსიაზე   აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროექტის „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ ხემძღვანელმა ფრონ ნაზიმ. ეს მისი მეორე ვიზიტია ამ ცენტრში. პირველ შეხვედრაზე დაუფარავად თქვა -არასამთავრობოებს არც ენდობიან, არც იცნობენ და უამრავი ფული სულ ტყუილუბრალოდ გადაყარა ამერიკის მთავრობამო. ახლაც მკაცრი ტონით ესაუბრა აუდიტორიას ფრონ ნაზი -ძირითადად არასამთავრობოებს და ორ-სამ კინკილა მედიას. შთაბეჭდილება მრჩება, სერიოზულად უკმაყოფილოა ვაშინგტონელი-ზარმაცები ხართო. თქვენი მოსახლეობის პრობლემა სიღარიბეა, მუდმივი ფასების ზრდა, უმუშევრობა და თქვენს მიერ მოწოდებულ პროექტებში კი ამ პრობლემების გადაჭრის გზები არ ჩანსო-მეტიც!-ვერ ვგებულობთ, ბატონებო, რას ითხოვთ პროექტებში და მოდით, იდეას გთავაზობთ, ვიდეოები გადაიღეთ, დაჯექით კამერებთან და აგვიხსენით რა გინდათ, ან თქვენი პროექტის განხილვის დროს სკაიპთან იყავით და დაგვეხმარეთ თქვენს მიერ შემოთავაზებული წინადადების გაგებაშიო. ერთი სიტყვით, ფრონმა არასამთავრობოებს სულ ,,კულტურნად უტირა დედა"-ორ წელიწადში ჩვენ რომ წავალთ, ვაი, თქვენ რა გეშველებათოს მოტივზე, ქვემოტივით-რა პასუხი გავცეთ ამერიკის მთავრობას,  რომელმაც ფული იმიტომ მოგვცა, არასამთავრობოების ხელით ქართველ ხალხს დავხმარებოდით და აი, ჩვენ ფულს ვერ ვხარჯავთ და ისე გვიწევს წასვლაო. თუმცა, დარბაზშიც არ აღმოჩნდნენ ,,ჯაბანნი"-წახვალთ და წადითო!  რაც თქვენ ვერ გააკეთეთ საქართველოში, მოვა რუსეთი და ის გააკეთებსო. - ვიცით, და ამიტომ გეხვეწებით, ხომ ხედავთ კარდაკარ დავდივართ, დაწერეთ ჭკვიანური პროექტებიო-ისევ ითხოვა ფრონმა. -თქვენთან მაინც არასდროს მოვიტან პროექტებს. ვიცი, მაინც არ დამიფინანსებთო. ის კი არადა... დემოკრატიული ჩართულობის ცენტრიც ჩემი იდეა იყო პროექტში ჩადებული, მაგრამ მე კი არ დამიფინანსეთ,  თავად გააკეთეთოო /ვაი!/. ეს რეპლიკა არ გადათარგმნილა და არც მის ავტორს  უთქვამს, მე მგონი,  ფრონის გასაგონად. შეხვედრის დასასრულს, ფრონმა ზუგდიდელებს და სტუმრებს დასავლეთ საქართველოს სხვა ორგანიზაციებიდან, ორი სამაგალითო და განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა–ასე უნდა პროექტების წერა და შესრულებაო  და დაემშვიდობა. თუმცა არა, იყო ერთი დეტალიც–ფრონმა  ალაფურშეტის მთელი დრო იმ არასამთავრობოს ხელმძღვანელს დაუთმო, რომელმაც დისკუსიაზე საკმაოდ თამამად შენიშნა, რომ მის მიერ გაგზავნილ პროექტს, ფრონის ორგანიზაციაში, სათანადო ყურადღება ვერ თუ არ მიაქციეს.
ამ წუთამდე ვერ ვხვდები რა უნდოდა ფრონს,- გაგიგია, კაცი ვერ წერდეს საშენო პროექტს და აძალებდე - გინდა თუ არა დაწერე, ფული უნდა მოგცე, აბა, სად წავიღო, დამსჯიანო. რაც დაწერა ის მოუწონე, შე, კაიდედმამიშვილო და ისიც კმაყოფილი იქნება და შენც გადაურჩები ყურის აწევას... მაგრამ ამის თქმას, კარგი ინგლისურის ცოდნის გარდა სხვა რამეც უნდა და...

 უხ, ისე, დღეს როგორ ცხელოდა ზუგდიდში, ამბობენ, 45 გრადუსზე მეტი იყო ტემპერატურაო.


1 комментарий:

  1. თარგმანში დაკარგული

    კითხვები და კომენტარები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოებისგან მუმდივად ვიღებთ, არის: ”რა არის ადვოკატირება?”, ”რა არის საჯარო პოლიტიკა?”, ”როგორ მივიღო თქვენი გრანტი?”, ”უბრალოდ მომეცით ფული!”, ”ეს არ არის საკმარისი თანხა!”, ”რატომ ხართ აქ?”, ”რა იცით ჩვენი ქვეყნისა და პრობლემების შესახებ?”, ”15 წლის წინაც ამ საკითხებზე არ ვლაპარაკობდით?”, ”მუდმივად ერთი და იგივე ორგანიზაციები ფინანსდებიან!”, ”ვარდების რევოლუცია!”, ”როგორ ცხელა აქ”, ”ალბათ 50 C გრადუსიც კი იქნება, არა?”

    საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს დონორების უფრო დიდი არჩევანი აქვთ, ვიდრე ნაყინის სახეობების. მიუხედავად ამისა, მაინც არ არის ნათელი რა ამოძრავებს არასამთავრობო ორგანიზაციებს - ეს დასაქმების საშუალებაა თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობა? ჩემი პროგრამა არასამთავრობოებს სთხოვს, ისეთი საკითხები შეარჩიონ, რომლებიც საზოგადოებისთვის არის აქტუალური. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი საპროექტო განაცხადის დაწერა. ეს ნიშნავს, რომ არასამთავრობოებმა უნდა შეძლონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხების შერჩევა, არსებული პრობლემებიდან გამოსავლის გზების პოვნა, პასუხისმგებელი ორგანიზაციების/ჯგუფების იდენტიფიცირება და მათგან უფრო მეტი ანგარიშვალდებულების მოთხოვნა. რა სარგებელი მოაქვს ჩვენ მიერ დაფინანსებულ პროექტებს საზოგადოებისთვის ან არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში სწორედ მედიას შეუძლია დახმარება არასამთავრობოებისა და დონორების საქმიანობის მონიტორინგის გზით. მომავალში, როდესაც ზუგდიდში ჩამოვალ, იმედი მაქვს შევძლებთ ოთახში უფრო დაბალი ტემპერატურის შენარჩუნებას და ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემას.

    ფრონ ნაზი
    კომენტარი არ გამოხატავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს

    ОтветитьУдалить