07.08.2010

ანაკლიის ბულვარი ვალდას ადამკუსის სახელობის იქნება



ანაკლიაში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და ლიტვის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა ახალი ბულვარის მშენებლობა მოინახულეს. ეს ბულვარი, სადაც აზიიდან ჩამოტანილმა ათასობით პალმამ უკვე გაიხარა ვალდას ადამკუსის სახელობის იქნება. ადამკუსი იყო ერთ-ერთი იმ პრეზიდენტებს შორის, რომლებიც რუსეთის აგრესიის დროს თბილისში ჩამოფრინდნენ და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
,,აგრესიის დროს, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ლიდერები ჩამოვიდნენ საქართველოში, დადგნენ რუსთაველის გამზირზე ქართველ ხალხთან ერთად. პრეზიდენტი ადამკუსი არის ის ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის ლომის წვლილი ამ მხარდაჭერაში. ეს იყო საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეს დაყენება საქართველოს დასაცავად. ეს იყო ნაბიჯი, რომელიც ჩვენ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ. ადგილი, სადაც ჩვენ ვდგავართ, რამდენიმე წელიწადში იქნება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაწილი. და სიმბოლურია, რომ ამ ნაწილს ერქმევა იმ ადამიანი სახელი, რომელმაც მთელი მისი ხანგრძლივი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე ყოფილიყო მშვიდი და ევროპული,` - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
,,ჩემთვის უდიდესი პატივია დღეს თქვენ გვერდით ყოფნა. ეს ისტორიული მომენტია. განვითარების მიმართულება, რომელიც საქართველომ აირჩია, არის თავისუფალი და მომავლისკენ მიმართული. ჩემი აზრით, ეს გზა ყველას მეგობრობისკენ წაგვიყვანს. ეს არის სიმბოლო თქვენი, როგორც თავისუფალი ერის არჩევანისა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ ის იქნება თავისუფალი ქვეყანა მსოფლიოს თავისუფალ თანამეგობრობაში. ამას ამტკიცებს თქვენი ცხოვრებაც. ამ რეგიონმა გადაწყვიტა განვითარება, წინსვლა და ის, რაც ჩემს ირგვლივ ხდება, არის საუკეთესო დამადასტურებელი ნიშანი იმისა, რომ თქვენ სწორი მიმართულებით მიდიხართ. "-ამ სიტყვებით მიმართა ადამკუსმა შეკრებილ საზოგადოებას. ადამკუსი ანაკლიაში დღეს ჩამოსულ თითქმის ყველა სტუმარს შეხვდა, ესაუბრა, მხარდაჭერა დაჰპირდა. სხვათაშორის ლიტვის პრეზიდენტი შესამჩნევად შინაურულად გრძნობდა თავს ამ შეხვერებზე.

ამ წუთებში განმუხურში მიმდინარეობს რუსულ-ქართული ომის 2 წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია. რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი მომღერლები ამ დღისადმი მიძღვნილი სიმღერებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий