05.04.2011




















ფრთხილად, ბავშვი!

...და გახსოვდეს, აფრები ზედმეტად არ აუშვა, ფანტაზიები დაიოკე, ასჯერ გაზომე და ერთხელ გასჭერი,-სიკეთის კეთების შენმა უსაზღვრო სურვილმა შეიძლება ბოროტი ნაყოფი გამოიღოს!

რა არის ის ოქროს წესი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ბავშვების თემების მედიაში გაშუქებისას? იქნებ არც არსებობს ეს ოქროს წესი, სტანდარტი.

მოგეხსენებათ-ჟურნალისტს თემის გაშუქებისას, ყველაფრის ზედმიწევნით გათვალისწინება და იუველირის სისუფთავით მუშაობა ხელ-ფეხს უბორკავს, მაგრამ პროფესიონალის სიფრთხილეს თავი არ სტკივა. სწორედ ამ სიფრთხილეების აუცილებლობაზე საუბრობდნენ დღეს ზუგდიდელ ჟურნალისტებთან პროექტის ,,ბავშვთა საკითხების ეთიკური და პროფესიული გაშუქების ხელშეწყობა ქართულ მედიაში" ფარგლებში მედიაექსპერტები ია ანთაძე /სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი/, მაია ქურციკიძე /გაეროს ბავშვთა ფონდი/, გოგი გვახარია /კინომცოდნე, ექსპერტი/ და ნინია კაკაბაძე /ჟურნალისტი, ექსპერტი/

კონკრეტულმა მაგალითებმა, რომელიც ექსპერტებმა და შეხვედრის მონაწილე ჟურნალისტებმა ქართული მედიასივრციდან მოიტანეს და განიხილეს, ნათელი გახადა ის, რომ ბავშვთა თემებზე მუშაობისას, როცა ჟურნალისტებს გვგონია, კეთილად ვეხმარებით პატარებს და პრობლემებს ვუგვარებთ, თურმე უფრო დიდი პრობლემის წინაშე ვაყენებთ მათ. ისეთი დიდი პრობლემის წინაშე, რომელიც შემდეგ მთელი ცხოვრება ტკივილად მიჰყვება. მრგვალი მაგიდის გარშემო გამართულმა დიალოგებმა გვიჩვენა-საჭიროა ბავშვთა უფლებების დაცვა, ჟურნალისტთა პროფესიული განვითარება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. და ეს იმას ნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ტრენინგები ჟურნალისტებმა და მათმა რედაქტორებმა /!/ უფრო ხშირად უნდა გაიარონ.

პირადად ჩემგან! ამეკვიატა ფიქრი-თურმე ყველაფერს, რასაც ბავშვებისთვის ვაკეთებდი, არ და ვერ ვაკეთებდი ისე, როგორც ეს საჭირო იყო მათთვის.

სწავლა სიბერემდეო... გმადლობთ!

Комментариев нет:

Отправить комментарий