03.04.2012

ირაკლი ალასანია აღდგომის შემდეგ ზუგდიდში გადმოვა სამუშაოდ და ხალხს შიშის გადალახვაში დაეხმარება

,,_საზოგადოებაში არის შიში, ბევრ ადამიანს აქვს სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის მაგრამ ისინი ერიდებიან ღიად თანამშრომლობას და ამბობენ- დაგეხმარებით, ოღონდ ღიად ნუ წარმოგვაჩენთო..."-ამბობს თავისუფალი დემოკრატების ზუგდიდელი ლიდერი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ირაკლი ალასანიას ალალი ბიძაშვილი გიორგი ალასანია. იგი ,,ზუგდიდთან" ყვება როგორ არიდებენ თავს თავისუფალ დემოკრატებთან
თანამშრომლობას სტუდენტების მშობლები, სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები, პატიმრების მეუღლეები. მათ ეშინიათ თავიანთი ახლობლების გამო. ბურჯანაძის ზუგდიდელ თანამებრძოლ ზამირა ღადუასთვისაც უცხო არ აღმოჩნდა
შიშის გრძნობა როცა საქმე მისი შვილების უსაფრთხოებას შეეხო. ,,ზეწოლის გამო შიში საკუთარ თავზე გამოვსცადე და დავსძლიე კიდეც, მაგრამ როცა შვილების სიცოცხლით დამემუქრნენ, როცა ჩემი ვაჟი დააპატიმრეს, ეს იყო საშინელება, წარმოუდგენელი." ეშინია ფსიქოლოგ მარინა კვირკველიასაც, რომელიც თავისუფალმა დემოკრატებმა როგორც ფსიქოლოგი, ზოგადად შიშზე სასაუბროდ მოიწვიეს-,,იუსტიციის სახლების მეშინია,-პატარა ბიზნესი მაქვს, გადასახადებსაც პატიოსნად ვიხდი, მაგრამ მაინც მეშინია". გარდა საკუთარი შიშებისა, ფსიქოლოგი ყვება იმ შიშებზეც, რომელიც საზოგადოებას გააჩნია და ამ შიშების რიცხვი და სახეობა თურმე არაერთია. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნუგზარ სარია კი, იმ სქემაზე საუბრობს აუდიტორიასთან, რომელიც საზოგადოების შიშის სერიოზული მიზეზია, ამ მიზეზს სარია ,,ქვეყანას ქვეყანაში" უწოდებს და იმაზეც მიანიშნებს როგორ შეიძლება ეს ქვეყანა გარდაიქმნას, რომ ამ გარდაქმნზე ადვილი არაფერი არ არის და ყველაფერი ერთი მარტივი პროცედურით ამოიწურება- საარჩევნო ყუთთან მისვლით და საკუთარი პოზიციის გამოხატვით. მანამდე კი, სამეგრელოს მოსახლეობას შიშის დაძლევაში როგორც გიორგი ალასანია ამბობს, მსგავსი დისკუსიების გარდა კიდევ ერთი ადამიანი დაეხმარება.: ,,-აპრილის მეორე ნახევარში ზუგდიდში გაიხსნება კოალიცია ,,ქართული ოცნების" შტაბი და მისი ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანიაც თავისი აპარატით სამუშაოდ ზუგდიდში გადმოდის. ის დაეხმარება მოსახლეობას შიშის გადალახვაში. ყოველ შემთხვევაში არ დააშვებინებს ხელისუფლებას იმ უსამართლობებს, რასაც ის ჩადის ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ".

Комментариев нет:

Отправить комментарий