20.05.2012

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ საჯარო შეხვედრა ზუგდიდში გამართა


qartiis shexvedra zugdidshi
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ საჯარო შეხვედრა დღეს ზუგდიდში გამართა.  საბჭოს წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლებსა და სტუდენტებთან ერთად ისაუბრეს იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ეთიკური ჟურნალისტიკა.
 არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ იურისტი რუსუდან პაჭკორია დაინტერესდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დღემდე განხორციელებული  აქტივობებით. ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების წინააღმდეგ საჩივრების შედგენის და მათი განხილვის პროცედურებით. მანვე აღნიშნა რომ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის არსებობა უკვე არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი მედიაგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით“.


პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თაზო ფაცაციამ ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს წევრებს ჰკითხა, განიხილავს თუ არა საბჭო იმ ჟურნალისტების საჩივრებს, რომლებიც  ქარტიის ხელმომწერები არ არიან. მაგალითისთვის მან ადგილობრივი ტელევიზია „ოდიში’ დაასახელა, რომელიც ფაცაციას აზრით, „არ იცავს   ქარტიის პრინციპებს, მათ შორის უპირველესს, რომ ჟურნალისტი უნდა ამბობდეს სიმართლეს.“ საბჭოს წევრებმა განმარტეს, რომ ქარტია ვერ იმსჯელებს იმ ჟურნალისტების მედიაპროდუქტზე, ვინც ხელმომწერი არ არის, თუმცა ქარტიის საბჭოს წევრმა  ნათია კუპრაშვილმა მოუწოდა მოქალაქეებს, რომ  აწარმოონ მონიტორინგი ჟურნალისტების საქმიანობაზე. იმ შემთხვევაში თუ მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებები არ არის ობიექტური, მიმართონ საჩივრებით ტელევიზიას და მოსთხოვონ ობიექტური გაშუქება. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებისა და მედიის თანამშრომლობის შედეგად უნდა მოხდეს მედია გარემოს გაჯანსაღება. „სასიამოვნოა, რომ ზუგდიდში დღეს წარმომადგენლობითი ჯგუფი შეიკრიბა. იმედი გვაქვს, რომ ეს ადამიანები სხვებსაც მიაწვდნენ ხმას და მორიგ შეხვედრაზე ზუგდიდში მეტი ადამიანი შეიკრიბება მედია გარემოს გაჯანსაღებაზე სასაუბროდ“. აღნიშნა ზვიად ქორიძემ. მან გელა მთივლიშვილის დაკავების ფაქტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქარტიის საბჭო თბილისში ჩასვლისთანავე  დაიწყებს მოკვლევას ამ ფაქტთან დაკავშირებით“.

შეგახსენებთ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი გელა მთვლიშვილი დღეს თიანეთში პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ამ დროისათვის ჟურნალისტი გათავისუფლებულია და საავადმყოფოში იმყოფება.  წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий