
ანაკლიის სტუმრიანმა და ხმაურიანმა გაკურორტების დღემ დამღალა,–დადებითი ემოციებიც ღლის. მეორე დღე–კვირა, ზუგდიდის ერთ–ერთ პრესტიჟულ, მაგრამ ჯერაც აუღორძინებელ, ყოფილ კურორტ ცაიშში გავატარე. იქ ჩვენს ოჯახს პატარა, ძველებური ოდა–სახლი აქვს 2000–მეტრომდე ეზოთი, სადაც ძირითადად, თხილი და დაფნაა გაშენებული. ჩვენ თხილის მოსავლის ასაღებად ჩავედით. მიუხედავად გაუსაძლისი სიცხეებისა, მოსახლეობა დილიდან საღამომდე თხილნარშია–მეორეჯერ, მესამეჯერ ჩამოუვლიან უკვე ერთხელ მობოჭილი თხილის ძირებს და ეძებენ, ეძებენ, იქნებ სადმე მიგვრჩაო. –თხილის მარცვალიც არ უნდა დავტოვო,–ამბობს ჩვენს სანახავად შემოსული გვერდითა მეზობელი,–თხილს წონა არ აქვს, ისე მოიხრუკა და გამოიფიტა ამ სიცხეში. ამასაწინანდელმა ცხელმა ქარმა უდროოდ ჩამოყარა მარცვლები... ამ დილით ზუგდიდში თხილი 3 ლარი ყოფილა. 6 ლარამდე ავაო, ამბობენ. თურქეთში არ მოვიდაო წელს მოსავალი. ბათუმში ერთი ჭიქა გარჩეული თხილი 1.50 ლარი ღირს თურმე. სიმინდს საშინელი დღე ეწია,–ქარი, სიცხე–მოიხარშა ტაროები და აწი რა იქნება? არ ვიცი, რა მოსავალი გვექნება. ამიტომაა, დილიდან საღამომდე მარცვალ–მარცვალ ვაგროვებ თხილს,–იქნებ, მთელი წელი მარტო თხილი იყოს ჩვენი შემოსავალი. თქვენც სად იყავით აქამდე–დროზე მოაგროვეთ, თორემ იპარავენ, იცოდეთ!... გეუბნებით, იპარავენ!... არ ვიცი, იქნებ თქვენს თხილნარშიც იყვნენ უკვე... ისეე, წელს, გოგოებო, ბოსტანიც ცუდია. ჩვენს მეზობლებს კიტრი და პამიდორი ერთიანად დაუწვა. მე რამდენი ხანია არ მიჭამია. ბაზარშიც გაძვირებულა.აი, ნახავთ, რა ეღირება პროდუქტები."
ჩ–ჯ–ს საინფორმაციო მონოლოგის შემდეგ, ჩვენი თხილნარში შეხედვის დროც დადგა–ეტყობა, წელს არ იყო თხილი ურიგო, მაგრამ ქარმა ერთიანად რომ ჩამობერტყა, ვიღაც ,,კეთილისმოსურნე",,დაგვეხმარა" და უჩვენოდ ააგროვა... სხვა რა გზა იყო, ჩვენც ბალახებში იებივით ნაზად, მაგრამ კანტი–კუნტად მიმალულ მარცვლებს დავუწყეთ ძებნა.
თხილის შეგროვება ცალკე თემაა და ჯოჯოხეთურ შრომას ითხოვს. /არაფერს ვამბობ მისი მოვლის სირთულეებზე, თუ გინდა ნორმალური მოსავლი მიიღო/. მთელი დღე ან ჩაცუცქულს, ან თავდახრილს–ჩაღუნულს, წაკუზულს გიწევს შრომა. თუ მოსავალი ცოტა გაქვს, მუშახელს ვერ დაიქირავებ, შენვე უნდა აკრიფო და ვაი... თუ ბევრი გაქვს, მუშახელი უნდა მოიძიო. დღეში ,,ერთი ხელი" 12–15–20 ლარიც კი ღირს. მერე ეს მოგროვილი თხილი უნდა გაფურჩნო, გაშალო... თუ ცოტა გაქვს, არ ღირს ამდენი შრომა, მაგრამ ხომ არ გადაყრი. ესეც საქმეაო, ფიქრობ...და გითრევს... თუ ბევრი გაქვს–მოსალოდნელია ნერვების მოშლის დამატებითი მიზეზებიც გაგიჩნდეს. თან დაყაჩაღება და ქურდობა გემუქრება, ფრთხილად უნდა იყო– შეიძლება წაგართვან, მოგპარონ, და თხილის დაბინავებაზე დახარჯული და გაფუჭებული ჯანმრთელობის სამკურნალო თეთრების გარეშე დარჩე. მაგრამ რას იზამ!–თხილი ფულია და შენ ფული გინდა!
ახლა, რაც შეგვეხება ისევ ჩვენ–დღის განმავლობაში, ჩვენი ,,კეთილმოსურნეების" ხელს და თვალს გადარჩენილი დაახლოებით 20 კილომდე თხილი ავკრიფეთ და ზუგდიდში, სამარშრუტო ტაქსი იქ გავაჩერეთ, სადაც ახლოს თხილის მორიგი ჩასაბარებელი პუნქტი გვეგულებოდა. მახსოვს, ადრე ავტობუსებს და მარშრუტკებს თხილის შემსყიდველები ზედ გაჩერებაზე ხვდებოდნენ. მძღოლებთან შეთანხმებული იყვნენ და ჩამოსასვლელად კარს არ ხსნიდა მძღოლი მანამ, სანამ შეპირებულ კლიენტს დანიშნულ, სტრატეგიულად სასურველ ადგილზე არ შეიგულებდა. დღეს მსგავსი არაფერი მომხდარა. იქნება და კვირა იყო და უკვე გვიანიც. მშვიდად შევიტანეთ პუნქტში თხილი. ჯანიანი მამაკაცი ღიმილით, შინაურივით შემოგვეგება–მოწიწებით ჩამოგვართვა ტომარა, აწონა და ფულიც ეგრევე გადაგვიხადა. წონაში რომ არ მოგვატყუა, ესეც საკუთარ წონებზე გადაგვამოწმებია–აბა, შედექით, აიწონეთ, თქვენი წონა ხომ იცითო და თან თავისი პროგნოზიც მოგვახსენა თხილის სეზონთან და ფასთან დაკავშირებით:
–თხილის ფასი სხვა წლების ამ დროსთან შედარებით, მართლაც მაღალია. გახსოვთ ადრე ასე მაღალი ყოფილიყო?–მე არ მახსოვს. გალიდან მოსახლეობას უჭირს მისი გადმოტანა– თვითგამოცხადებული რესპუბლის ხელმძღვანელობა კატეგორიულად კრძალავს ერთი კილოგრამი თხილის გატანასაც კი. ეს ბიზნესი ადგილზე, გალში კონტროლდებაო უკვე. ადგილობრივი სამართალდამცავების ბიზნესი გახდაო,–ამბობენ. თხილის ქარხანაც გაუხსნიათ. ზუგდიდიდან გაუგზავნია ვიღაცას დანადგარებიო... ასე, რომ ,,სახელმწიფოდან სხვა სახელმწიფოში" ადგილობრივი პროდუქციის გატანა შეუძლებელი გამხდარა. აბა, ვინმემ გაბედოსო უთქვამს ბაღაფშს. ჩვენს სოფლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში კი, სადაც შედარებით მეტი აქვთ თხილის მოსავალი, მოქალაქეს თუ ძალიან არ უჭირს, ფასის კიდევ უფრო გაზრდას ელოდება.მაგრამ სასექტემბროდ, როცა მშობლები, უშურველად გამოიტანენ თხილს გასაყიდად, სასკოლოდ თავიანთი ბავშვებს რომ ჩააცვან და სასწავლო ნივთები შეუძინონ, აი, მაშინ ამბობენ, თხილის ფასი დავარდებაო. სექტემბრის ბოლოდან კი, ისევ აიწევოსო, მაგრამ, მე მგონი თხილის ფასზე დიდ გავლენას მოახდენს ის, შემოვა თუ არა ზუგდიდში გალის თხილი. ან შეძლებენ თუ არა გალელი ბიზნესმენები თხილზე იმაზე მეტი ფასის დადებას, ვიდრე ეს ზუგდიდშია. მაგრამ... არ ვიცი, იქნებ სასექტემბროდაც არ დაიწიოს ფასმა... არ მგონია, დაიწიოს...–რაღაც დამატებით ინფორმაცის ფლობდა თხილის ენაწყლიანი ჩამბარებელი, მაგრამ ბოლომდე არ გაგვანდო. ღიმილიანად გამოგვემშვიდობა და რაც თქვა ის გვაკმარა...
თხილის ბუმი 20 აგვისტოდან უფრო დაიწყება. მანამ კანტი–კუნტად. ვნახოთ, ფასი ვის სასარგებლოდ აიწევს–გამყიდველის თუ მყიდველის,–ორივე რომ კმაყოფილი დარჩეს, ნაკლებადმოსალოდნელია.ან თუ აიწევს და... მის გვერდით, სხვა პროდუქტებზეც გაიზრდება ფასები, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ აწევას?... ისე, ინფორმაციისათვის–ამ დილით, გუშინდელთან შედარებით, კიდევ 10 თეთრით გაიზარდა თხილის ფასი.
ავტორს როგორ შეიძლება დავუკავშირდე? რამოდენიმე კითხვა მაქვს
ОтветитьУдалить