„ზუგდიდის ბაღების 68%-ში საგანმანათლებლო პროცესი ცუდია“
27.02.2012
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტერესებისათვის“ დღეს წარმოადგინა მონიტორინგის შედეგები, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 30 საბავშვო ბაღში განახორციელა. გამოკვლევის თანახმად, საბავშვო ბაღების შენობების მხოლოდ 8%-ია კარგ მდგომარეობაში. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მწვავე დეფიციტს განიცდის ბაღების 60%. საგანმანათლებლო პროცესი შეფასების კრიტერიუმით - „ცუდი“, ბაღების 68 პროცენტშია. თავის მხრივ, მონიტორინგის შედეგებს არ ეთანხმება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „მრეწველები-ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე ბესიკ ფიფია. მისი განცხადებით, საბავშვო ბაღების შენობებში რემონტი იმის გამო ვერ კეთდება, რომ დევნილების ნაწილი იქ ამ დრომდე ცხოვრობს. ბესიკ ფიფია ამბობს, რომ ის საბავშვო ბაღები, რომლებიც არც ერთ სტანდარტს არ აკმაყოფილებენ, შესაძლოა დაიხუროს მხოლოდ ოპტიმიზაციის ფარგლებში. მისივე თქმით, ის სააღმზრდელო დაწესებულებები, რომელთა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გამართულია, მეტად დაიტვირთება. განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მადონა ჯაბუას თქმით, არახალია, რომ ამ სფეროში „კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ მწირი ბიუჯეტით შეუძლებელი კეთდება და ერთბაშად ვერ მოგვარდება ის პრობლემები, რაც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებშია“. საკრებულოს წევრის „თავისუფალი დემოკრატებიდან“ გიორგი ალასანიას განცხადებით, „ბიუჯეტში ფული არის, მაგრამ ის არამიზნობრივად იხარჯება“. ცნობისთვის: ზუგდიდის ბიუჯეტში სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის 1 მილიონ 200 ათასი ლარია გამოყოფილი. არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტერესებისათვის“, პროექტის ხელმძღვანელმა გურამ ჩიხლაძემ საკრებულოსა და გამგეობას მიმართა რეკომენდაციით, შექმნან სპეციალური ჯგუფი, რომელიც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების განვითარების გეგმას შეიმუშავებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий