Tspress.ge ზუგდიდის საკრებულოს წინააღმდეგ
http://tspress.ge/ka/site/articles/11186/
ავტორი: პაატა ლაგვილავა
tspress.ge-მ ზუგდიდის საკრებულოს, საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის გამო, სასამართლოში უჩივლა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საჩივარი რამდენიმე წუთის წინ რეგისტრაციაში გაატარა.
ინტერნეტგამოცემამ საკრებულოსგან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი შ.პ.ს “Anaklia Ganmukhuri resorts”-სთვის ჩარიცხული თანხების ხარჯთაღრიცხვა გამოითხოვა. მოთხოვნილი იყო ინფორმაცია, თუ რა დავალიანების დასაფარად გამოუყო საკრებულომ 2011 წლის 13 დეკემბერს „Anaklia Ganmukhuri resorts” ერთი მილიონი ლარი.
თუმცა, საჯარო ინფორმაციაზე საკრებულომ კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, არანაირი პასუხი არ გასცა. რის შემდეგაც ინტერნეტგამოცემამ საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, თუმცა თავმჯდომარემ კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის მიუხედავად ადმინისტრაციულ საჩივარზე რეაგირება არ მოახდინა.
საკრებულომ დაარღვია კანონი, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ, ან არა უგვიანეს 10 დღისა. 10-დღიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს განმცხადებელს.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნული დაუყოვნებლივ აცნობოს განმცხადებელს და 3 დღის ვადაში წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი.
Tspress.ge–ს ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები დაიცავენ.
თუ როდის გაიმართება სასამართლო პროცესი ჯერ უცნობია.
Комментариев нет:
Отправить комментарий