დათა ახალაიას მშობლიურ სკოლას ,,მომავლის კლასთან" ერთად ახალი დირექტორიც ჰყავს
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ თორდია თანამდებობიდან განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანების თანახმად გათავისუფლდა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებებლად ნინო გოგინავა დაინიშნა. გათავისუფლების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. თამაზ თორდია ლოტოტრონით არჩეული დირექტორი არ იყო. წესით, მომავალი სასწავლო წლისათვის პირველ საჯარო სკოლაში დირექტორი არჩევნების გზით უნდა დაინიშნოს. ზუგდიდში პირველი სკოლა ყოველთვის გამორჩეული იყო. საზოგადოებაში ამბობენ, რომ მას დიდი ტრადიციები აქვს, მაგრამ ბოლო წლებში, რატომღაც პირველობა სხვა სკოლებს დაუთმოო. პირველი სკოლის კურსდამთავრებულებიც ქვეყნის სხვადასხვა მნიშვნელოვან პოსტებზე იმყოფებიან. ამ დღეებში ზუგდიდში მთავრობის სხდომის ჩასატარებლად ჩამოსულმა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა ,,მომავლის კლასი" სწორედ პირველ სკოლაში გახსნა. საზოგადოებას უკვირს იმ სკოლაში, რომლის დირექტორსაც მინისტრი გაუფრთხილებლად ხსნის, როგორ გახსნა პრემიერ მინისტრმა საჩვენებელი კლასიო, მაგრამ ზუგდიდელებს ამაზეც აქვთ პასუხი–დათა ახალაია პირველსკოლელია და სწორედ მისი ინიციატივა იყოო ეს სიახლე სკოლაში. ერთი სიტყვით–ზუგდიდელებისათვის ნაკლებად ცნობილ სახეს –ნინო გოგინავას, რომელიც პირველი სკოლის დირექტორის მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა, სერიოზული ჯაფა მოუწევს იმისათვის, რომ სკოლას ძველი დიდება ახალი რაკურსით აღუდგინოს და მომავალი სასწავლო წლისთვის სადირექტორო კანდიდატთა სიაში თავი მოიხვედროს.
ფოტო: lieverpress.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий