06.04.2012

დათხოვნილი ექიმები სამსახურში დააბრუნეს

 

eqimebis saprotesto aqcia
ექიმების აქცია საავადმყოფოს ეზოში, 2 აპრილი
ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკიდან“ დათხოვნილი ქირურგები - ზვიად თოლორაია და კამო ახალაია სამსახურში დააბრუნეს. ზვიად თოლორაიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მას დილით ადმინისტრაციაში განუცხადეს, სამუშაოს დაბრუნებოდა. ქირურგის თქმით, ექიმების განცხადებაში, რომლითაც მათ ადმინისტრაციას მიმართეს ეკონომიკურ მოთხოვნებთან ერთად მთავარი პირობა გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნება იყო. მისივე ცნობით, მედპერსონალის მოთხოვნები უცვლელია და ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები ამ საკითხებზე გრძელდება.
საავადმყოფოს მფლობელის სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის“ შვილობილი კომპანიის „ჩემი ოჯახის კლინიკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია ივჩენკომ „ლაივპრესს“ ქირურგების სამსახურში დაბრუნება დაუდასტურა და განაცხადა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ექიმების აზრი ყველაფერთან დაკავშირებით. „ამიტომ გავითვალისწინეთ კოლექტივის თხოვნა და დათხოვნილი ექიმები დავაბრუნეთ“. მაია ივჩენკოს თქმით, მას იმედი აქვს, რომ ექიმები მომავალში თავს შეიკავებენ მსგავსი ფორმით საკუთარი აზრის გამოხატვისგან, პირიქით, ნებისმიერი საკითხი მოლაპარაკების შედეგად გადაწყდება. რაც შეხება მედპერსონალის დანარჩენ მოთხოვნებს, პრესსამსახური განმარტავს, რომ „გარკვეული მოთხოვნები შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილდება“. შეგახსენებთ, საავადმყოფოს ეზოში 2 აპრილს მედპერსონალმა გამაფრთხილებელი-საპროტესტო აქცია გამართა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით. 3 აპრილს, საავადმყოფოს მფლობელმა, "ჩემი ოჯახის კლინიკამ", რომელიც სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის“ შვილობილი კომპანიაა ორი თანამშრომელი, ქირურგები ზვიად თოლორაია და კამო ახალაია აქციის ორგანიზატორობის ბრალდებით სამსახურიდან დაითხოვა.
http://www.livepress.ge/ka/site/news/2368/დათხოვნილი-ექიმები-სამსახურში-დააბრუნეს.htm

Комментариев нет:

Отправить комментарий